გამოსვლები აფხაზეთში

ზალკალიანი: აფხაზეთის საკითხზე კოორდინირებულ საქმიანობას ვაგრძელებთ

mfa.gov.ge

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, "ქართული მხარე, აფხაზეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, აგრძელებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო, კოორდინირებულ საქმიანობას, რათა არ მოხდეს შემდგომი ესკალაცია". მისი თქმით, საქართველოს მთავრობა აფხაზეთში შექმნილ ვითარებას აკვირდებოდა და ჰქონდა კონსულტაციები საერთაშორისო თანამეგობრობასთან.

"შიდა კლანური დაპირისპირება, რომელიც მიმდინარეობდა აფხაზეთში, დასრულდა იმით, რომ დე ფაქტო პრეზიდენტი გადადგა. ვაგრძელებთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ძალიან მჭიდრო, კოორდინირებულ საქმიანობას, რათა არ მოხდეს შემდგომი ესკალაცია. კერძოდ, ჩვენი მთავარი წუხილი იქითკენ არის მიმართული, რომ იქ შექმნილი სიტუაცია არ შეეხოს ეთნიკურად ქართველებს, რომლებიც გალში და მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ამიტომ, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი", - განაცხადა დავით ზალკალიანმა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი არჩევნები, რომელიც აფხაზეთში გაიმართება, არაკანონიერია.

"არც ერთი ე.წ. ხელისუფლება, რომელიც იქ იქნება არჩეული თუ დანიშნული, არ იქნება აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ", - დასძინა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, აფხაზური ოპოზიციის რამდენიმედღიანი აქციების შემდეგ, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი გადადგა. რია ნოვოსტის ცნობით, ალექსანდრ ანქვაბმა თავის საგანგებო განცხადებაში აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით მიიღო.

თავის მიმართვაში ანქვაბმა ოპოზიცია არეულობის დაწყებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, რეჟიმის ოპონენტების ინტერესი „თანამდებობების დანაწილება" და არა რეფორმებია.

კომენტარები