გამოსვლები აფხაზეთში

აფხაზური ოპოზიცია რუსეთთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციას მოითხოვს

აფხაზეთში მოქმედი ოპოზიციური ძალების საკოორდინაციო საბჭომ, რომელსაც დე ფაქტო პრეზიდენტის რეზიდენცია აქვს დაკავებული, დღეს განცხადება გამოაქვეყნა. საბჭო აღნიშნავს, რომ რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას და აფხაზეთის ევრაზიულ ინტეგრაციას უჭერს მხარს. ოპოზიციონერებმა დასვლეთის ქვეყნების პოლიტიკა დაგმეს და აფხაზეთის ევრაზიულ კავშირში შესვლის, ასევე უსაფრთხოების დარგში რუსეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. 

"ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთთან ინტეგრაციაზე იმ მოცულობით და იმ დოკუმენტების ფარგლებში, რაც უკვე მიღებულია. მზად ვართ შემდგომშიც გადავწყვიტოთ უსაფრთხოების, საზღვრის დაცვის პრობლემატიკასთან დაკავშირებული საკითხები. მზად ვართ დავამყაროთ ურთიერთობა იმ ქვეყნებთან, რომლებიც ახლა ევრაზიული კავშირის შექმნას ცდილობენ. თუ ასეთი საშუალება აფხაზეთსაც ექნება, რატომაც არა, ჩვენთვის უსაფრთხოების საკითხები დღეს ყველაზე მთავარია", - აცხადებს ოპოზიციის ლიდერი რაულ ხაჯიმბა.

მისივე თქმით, აფხაზური ოპოზიცია კომპრომისზე არ წავა და დე ფაქტო რეჟიმის ლიდერის გადადგომას მოითხოვს. ეს პოზიცია რაულ ხაჯიმბამ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვთან შეხვედრის შემდეგ დააფიქსირა, რომელიც აფხაზეთში საშუამავლო მისით იმყოფება. პუტინის თანაშემწე ასევე ალექსანდრ ანქვაბს შეხვდა, რომელმაც საკუთარი რეზიდენცია დატოვა და გუდაუთაში იმყოფება. ოპოზიციის მხარდამჭერები დე ფაქტო პრეზიდენტის რეზიდენციას არ ტოვებენ. გუშინ კი სოხუმში ანქვაბის მომხრეთა აქციაც გაიმართა. მოლაპარაკებები რუსული დელეგაციის მონაწილეობით გრძელდება. 

მომიტინგეები ანქვაბს ავტორიტარიზმში და უუნარობაში ადანაშაულებენ. ეკონომიკური პრობლემების გარდა, საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი მიზეზი ეთნიკური ქართველებისთვის აფხაზური მოქალაქეობის მინიჭება გახდა, რასაც ოპოზიცია ეწინააღმდეგება.

კომენტარები