გამოსვლები აფხაზეთში

პესკოვი: აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა არ განიხილება

telegraph.co.uk

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, "აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა არ განიხილება".

ამასთან, მოლაპარაკებებს დაპირისპირებულ მხარეებთან კრიზისის მოგვარების მიზნით სოხუმში პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი მართავს. სურკოვის თქმით, მისი მცდელობების მიუხედავად, სოხუმში დაძაბულობა არ იკლებს.

"პრეზიდენტმა და ოპოზიციამ განაცხადეს, რომ გამოსავალი სამართლის, დემოკრატიული პროცედურებისა და აფხაზური ტრადიციების შესაბამისად უნდა იპოვონ", - აღნიშნა სურკოვმა. მისი განცხადებით, ანქვაბმა და ოპოზიციამ რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. 

აფხაზურმა პარლამენტმა გუშინ ხმათა უმრავლესობით დადგენილება მიიღო, რომლითაც დე ფაქტო პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა. ალექსანდრ ანქვაბი ამჟამად გუდაუთაში, რუსულ სამხედრო ბაზაზე იმყოფება. სესიის შემდეგ რაულ ხაჯიმბამ ანქვაბს გადადგომისკენ მოუწოდა და მხარდამჭერებს სთხოვა, საბოლოო გამარჯვებამდე არ დაიშალონ.

გუშინდელ მიტინგზე ოპოზიციამ, რომელსაც კვლავაც დაკავებული აქვს აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის რეზიდენცია, სახალხო ნდობის დროებითი საბჭოს შექმნის შესახებ განაცხადა. საბჭოში 21 წევრია, მათ შორის - ოპოზიციის ლიდერები და საზოგადოების წარმომადგენლები. მანამდე ოპოზიციამ განაცხადა, რომ სახალხო ნდობისა და თანხმობის მთავრობის შექმნას აპირებს.

კომენტარები