აფხაზეთი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: პრემიერთან აფხაზეთზე არ მისაუბრია

ტაბულა

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის გია გვაზავას თქმით, ის არაერთხელ შეხვედრია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, თუმცა, აფხაზეთის საკითხზე არასდროს უსაუბრიათ. აღნიშნული მან ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში თქვა.

ავტორის კითხვაზე, თუ გამოუთქვამს პრეტენზია პრემიერმინისტრთან, რომ საერთაშორისო ფორუმებს დევნილების თემის წამოსაწევად არ იყენებს, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმდჯომარემ უპასუხა რომ "ჩვენ არაერთხელ შევხვედრივართ, მაგრამ ცალკე, აფხაზეთის საკითხზე არ გვქონია ლაპარაკი".

ამავე გადაცემაში შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი საუბრობდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან აფხაზეთის მოვლენები საერთოდ არ უხსენებია და ის რუსეთთან იდეალური ბალანსის მოძებნაზე საუბრობდა.

"მერკელთან როდესაც ხარ შეხვედრაზე, დალოცვილო, და ამაზე არ ლაპარაკობ, ლაპარაკობ რუსეთთან რაღაც იდეალური ბალანსის მოძებნაზე - ეს ძალიან სასაცილო და თან გაუგებარი იყო. იმიტომ, რომ ყველა ხვდება, რომ რაღაც ყირიმისმაგვარი ხდება აფხაზეთში და ამ დროს პრემიერი დგას და მერკელთან შეხვედრაზე ლაპარაკობს იდეალურ ბალანსებზე", - თქვა უტიაშვილმა. მისივე თქმით, "ეს ისეთი საკითხია, რომელსაც მთელი მსოფლიო მხარს დაუჭერს. მთელი მსოფლიო თავს გრძნობს დამნაშავედ, რომ დაუშვა ყირიმი და არ უნდა, კიდევ ერთხელ აღმოჩნდეს გასულელებულის და მოტყუებულის როლში. არ შეიძლება ამაზე არლაპარაკი და ამ დროს რაღაც სხვა აბსტრაქტულ თემებზე საუბრობ. როგორ შეიძლება ამაზე არლაპარაკი, არ მესმის. აბა, რაზე უნდა ილაპარაკო საერთოდ", - აღნიშნა უტიაშვილმა.

კომენტარები