რუსეთის ბაზარი

რა პირობებით გავა ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია რუსეთის ბაზარზე

ლიმნის ხე
Getty Images

2014 წლის 22 მაისს რუსეთის ფედერაციის ვეტერინარულმა და ფიტოსანიტარულმა ინსპექციამ გამოაქვეყნა დადგენილება იმის შესახებ, რომ 2014 წლის 26 მაისიდან საქართველოდან და რუსეთის მიმართულებით აღდგება მაღალი ფიტოსანიტარული რისკის შემცველი პროდუქციის ექსპორტი. 

პროდუქციის ჩამონათვალი ასე გამოიყურება: 

  • პომიდორი
  • კიტრი 
  • კომბოსტო
  • ბადრიჯანი 
  • ბალი
  • ალუბალი
  • გარგარი
  • ატამი
  • ქლიავი
  • ხურმა
  • კივი
  • კენკროვანი ხილი

დადგენილებაში ასევე ნათქვამია, რომ აღდგება ახალი კარტოფილის იმპორტიც საქართველოდან რუსეთის ტერიტორიაზე, იმ პირობით, რომ პროდუქცია იქნება გასუფთავებული, შესაბამისად შეფუთული და მოხმარებისათვის გამზადებული. 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2013 წლიდან აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთის ფედერაციის ფიტოსანიტარული ინსპექციის თანამშრომლებთან. 

2013 წლის 28 ივნისს მოხდა დაბალი ფიტოსანიტარული რისკის მქონე პროდუქციის დაშვება რუსეთის ბაზარზე. ამ ჩამონათვალში შედიოდა ჩაი, ყავა, ხმელი ბოსტნეული, ჩირი და სუნელები. როგორც სურსათის უვნებლობის სააგენტოში ხსნიან, დაბალი ფიტოსანიტარული რისკის შემცველი პროდუქციას ნაკლები ალბათობით გადააქვს სხვადასხვა ტიპის მავნებლები და სარეველები. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის უფროსი, ზურაბ ლიპარტია, ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ რუს კოლეგებთან მოლაპარაკებების დაწყების შემდგომ საქართველოს მხარემ მათ გადასცა 300-გვერდიანი ფიტოსანიტარული ანგარიში რუსულ ენაზე, რომელსაც თანდართული ჰქონდა რუკები, სადაც აღნიშნულია საქართველოს რომელ რეგიონში რა ტიპის მავნებელი და სარეველა შეიძლება წარმოადგენდეს საფრთხეს. ეს აუცილებელი პირობა იყო იმისათვის, რომ რუსულ მხარეს 2013 წლის ოქტომბერში დაეშვა მაღალი ფიტოსანიტარული რისკის ჯგუფის ზოგიერთი პროდუქცია. 

2013 წლის 10 ოქტომბერს სურსათის ეროვნული სააგენტოს სახელზე, რუსეთის მხრიდან წერილი გამოეგზავნა ბატონ ზურაბ ჩეკურაშვილს, სადაც ჩამოთვლილია ის პროდუქცია, რომლის დაშვებაც მოხდა რუსულ ბაზარზე. ამას წინ უძღოდა რუსი ექსპერტების ვიზიტი საქართველოში 2013 წლის აგვისტოში, რომლის დროსაც მათ დაათვალიერეს სავარაუდო მიმღები პუნქტები, სადაც პროდუქცია რუსეთში ექსპორტისათვის მომზადდებოდა. 

რუსეთის ფედერაციის ვეტერინარულმა და ფიტოსანიტარულმა ინსპექციის ვებგვერდზე ასევე ნახსენებია ბატონი ჩეკურაშვილისა და მათი ხელმძღვანელის, სერგეი დანკვერტას, შეხვედრის შესახებ ინფორმაცია, რომელიც ასევე 2013 წლის 10 ოქტომბერს შედგა და ემსახურებოდა რუსულ და ქართულ მხარეებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას. 

2013 წლის 14 ოქტომბრიდან რუსულ ბაზარზე დაშვებული ქართული პროდუქტების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: 

  • თხილეული 
  • ციტრუსოვანი ხილი 
  • ყურძენი 
  • ვაშლი
  • კომში
  • მსხალი 

გარდა ამისა, ამავე ვიზიტის ფარგლებში განიხილებოდა პოტენციური თანამშრომლობა საკალმახე მეურნეობებიდან თევზის რუსეთში ექსპორტისა და რუსეთიდან ცხოველური პროდუქციის იმპორტის თაობაზე, თუმცა, როგორც სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის უფროსმა, გიგა ქურდოვანიძემ, ტაბულასთან საუბრისას აღნიშნა, ვეტერინარული პროდუქციის გატანაზე ჯერჯერობით მხოლოდ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ამსთან დაკავშირებით არაფერი ხელჩასაჭიდი არ არის. 

2013 წლის ოქტომბრის შემდეგ თანამშრომლობა ქართულ და რუსულ მხარეებს შორის გაგრძელდა. ქართული მხარე თავის მხრივ აკეთებდა მოკვლევას რეგიონში არსებულ ფიტოსანიტარულ რისკებზე და აწვდიდა ინფორმაციას რუსულ მხარეს. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის უფროსის, ზურაბ ლიპარტიას თქმით, მიმდინარეობს მზადება რუსეთის მხარის მომავალი ვიზიტისათვის, რომლის ფარგლებშიც ისინი დაათვალიერებენ მიმღებ პუნქტებს, რაც მისივე ვარაუდით უკვე 15 ივნისისათვის მზად იქნება და შესაძლებელი გახდება რუსეთის მხარისათვის ოფიციალური წერილის გაგზავნა. ბატონი ლიპარტიას თქმით, საუბარია 20-მდე მიმღებ პუნქტზე, რომელთა შორის აღსანიშნავია გურჯაანის რაიონში მდებარე 900 და 300 ტონიანი მაცივრები, სადაც შესაძლებელი გახდება კახეთის მოსახლეობის მიერ მიღებული ატმის მოსავლის დასაწყობება და საექსპორტოდ მომზადება. 

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს კახეთის ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოები ატმის უხვი მოსავლიანობის და ამის შედეგად ფასის დავარდნაზე აქტიურად წერდნენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, 2013 წელს კახეთში ატამი ხეებზე ლპებოდა. უხვმოსავლიანობის ფაქტს ადასტურებს ბატონი ლიპარტიაც. მისი თქმით, წელს რუსეთის ბაზარზე ატმის ექსპორტის დიდი რაოდენობას ელოდებიან, რადგან შარშან ვერ მოხდა უკრაინისა, აზერბაიჯანისა და სხვა ბაზრების მიერ იმ უხვი მოსავლის ათვისება, რაც კახეთმა მიიღო, რის შედეგადაც ფერმერებს მოუწიათ პროდუქციის გადაყრა ან ძალიან იაფად გაყიდვა. მაცივრები და მიმღები პუნქტები კერძო კომპანიების მფლობელობაში იქნება. 

ტაბულა ბატონ ლიპარტიას რუსეთის ბაზრის ათვისების სტრატეგიაზეც ესაუბრა. მისი თქმით, იმავე ნიშის დაჭერა, რაც 2006 წლამდე ქართულ პროდუქციას ჰქონდა რთული იქნება, რადგან რუსეთის ბაზარზე წარმოდგენილია პროდუქცია მსოფლიოს ყველა კუთხიდან, თუმცა ერთი კონკურენტული უპირატესობა, რაც ქართულ საექსპორტო პროდუქტს შეიძლება ჰქონდეს ეროვნული მეხსიერებაა. რუს მომხმარებელს ახსოვს ქართული პროდუქციის გემო - ამბობს ლიპარტია. 

ეროვნული მეხსიერება საკმარისი პირობა არ იქნება წარმატებული საექსპორტო ბიზნესის ასაწყობად. 2006 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ორივე ქვეყნის სურსათის უვნებლობის კანონმდებლობაში, აღნიშნავენ უვნებლობის ეროვნულ სააგენტოში. შესაბამისად, პროდუქცია ხელბარგით ვეღარ გავა, ისე როგორც ქართველ ფერმერებს ახსოვთ. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ეროვნული ინსპექციის ვებგვერდზეც არის გამოქვეყნებული ოფიციალური დადგენილება. 

ექსპორტისათვის საჭირო იქნება ევროსტანდარტების შესაბამის პროდუქციის წარმოება, შეფუთვა, დასაწყობება, შემდეგ რუსეთში დისტრიბუტორი კომპანიის მონახვა, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც რუსული მხარე ქართულ პროდუქციას მიიღებს და ქსელში გაუშვებს. 

შეგახსნებეთ, რომ 2006 წლის ემბარგოს მიზეზად ფიტოსანიტარული სტანდარტების დაუკმაყოფილებლობა დასახელდა.

დღესდღეობით, რუსეთის ფიტოსანიტარული სტანდარტები დიდად არ განსხვავდება ევროსტანდარტებისაგან და ქართველ ექსპორტიორებს ამასთან ადაპტირება მოუწევთ. პროდუქცია უნდა იყოს სტანდარტების შესაბამისად მოყვანილი (შხამქიმიკატების ნაშთის დონე პროდუქციაში), შეფუთული, დასაწყობებული სამაცივრე შემდეგ კი გამშვებ პუნქტებში და რუსული სადისტრიბუციო კომპანიის მიერ მხოლოდ ამის შემდეგ ჩაეშვება სამომხმარებლო ბაზარზე. 

კომენტარები