რუსეთის ბაზარი

ფიფია: რუსული ბაზარი ქართული ხილ-ბოსტნეულისთვის 14 ოქტომბრიდან გაიხსნება

შალვა ფიფია
moa.gov.ge

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის შალვა ფიფიას თქმით, რუსული ბაზარი ქართული ხილ-ბოსტნეულისთვის 14 ოქტომბრიდან გაიხსნება. ფიფიას თქმით, რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კონტროლის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის შედეგად შეზღუდვები მოიხსნა საქართველოდან რუსეთში თხილის, ყურძნის, ვაშლის, მსხლის, კომშის, ციტრუსებისა და სხვა მცენარეული პროდუქციის ექსპორტზე.

მინისტრის თქმით, რუსეთის ფედერაციაში საქართველოს დელეგაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ზურაბ ჩეკურიშვილის ხელმძღვანელობით იმყოფება. 

"თქვენ მოგეხსენებათ, რომ ახალი მთავრობა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მეთოდურად მუშაობდა ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნებაზე. ამან გამოიღო შედეგი, როდესაც ივნისში რუსული ბაზარი ქართული ალკოჰოლური სასმელების, მინერალური წყლებისა დაბალი რისკის შემცველი პროდუქციისთვის გაიხსნა", - თქვა ფიფიამ.

კომენტარები