გამოსვლები აფხაზეთში

ალასანია: ვაკვირდებით აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, რუსეთი აგრძელებს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკურ ანექსიასაც. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა აკვირდება აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს და პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით იზრუნებს პრობლემის მოგვარებაზე.

"ერთადერთი განცხადება, რისი გაკეთებაც შემიძლია, არის ის, რომ ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება საოკუპაციო ძალების მხრიდან, იმ ქვეყნის მხრიდან, რომელსაც ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს, რომ ის აგრძელებს არა მხოლოდ სამხედრო ანექსიას, არამედ პოლიტიკურ ანექსიასაც, ჩვენი ქვეყნის, კონკრეტულად აფხაზეთის რეგიონის. ჩვენ ძალიან გვაღელვებს, როგორ განვითარდება მოვლენები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, როგორ აისახება ეს აფხაზეთის, გალის ტერიტორიაზე დარჩენილ ქართულენოვან მოსახლეობაზე. ვაკვირდებით მოვლენებს და მხოლოდ მოლაპარაკებების გზით ვაპირებთ ამ პრობლემების დარეგულირებაზე ზრუნვას. არის ჟენევის ფორმატი, სადაც მომავალში ეს საკითხები იქნება განხილული. მინდა ხაზი გავუსვა, რომ აფხაზეთის ტერიტორიას საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ, საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია არ ვრცელდება, აქედან გამომდინარე, მთელი პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე ეკისრება ოკუპანტ ქვეყანას", - განაცხადა ალასანიამ.

ცნობისთვის, აფხაზეთში ოპოზიცია დე ფაქტო მთავრობის გადადგომას მოითხოვს. სიტუაციის დასარეგულირებლად აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი ჩავიდნენ.

მომიტინგეები ანქვაბს ავტორიტარიზმსა და უუნარობაში ადანაშაულებენ. ეკონომიკური პრობლემების გარდა, საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი მიზეზი ეთნიკური ქართველებისთვის აფხაზური მოქალაქეობის მინიჭება გახდა, რასაც ოპოზიცია ეწინააღმდეგება.

კომენტარები