გამოსვლები აფხაზეთში

აფხაზური ოპოზიცია კომპრომისზე არ მიდის და ანქვაბის გადადგომას მოითხოვს

rferl.org

კომპრომისი არ იქნება, აფხაზური ოპოზიცია მოთხოვნებს არ ცვლის და დე ფაქტო რეჟიმის ლიდერის გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა.

ეს პოზიცია ხაჯიმბამ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვთან შეხვედრის შემდეგ დააფიქსირა, რომელიც აფხაზეთში საშუამავლო მისით უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევთან ერთად იმყოფება.

პუტინის თანაშემწე ასევე შეხვდა ალექსანდრ ანქვაბს, რომელმაც საკუთარი რეზიდენცია დატოვა და გუდაუთაში იმყოფება. ოპოზიციის მხარდამჭერები დე ფაქტო პრეზიდენტის რეზიდენციას არ ტოვებენ. გუშინ კი, სოხუმში ანქვაბის მომხრეთა აქციაც გაიმართა. მოლაპარაკებები რუსული დელეგაციის მონაწილეობით გრძელდება.

მომიტინგეები ანქვაბს ავტორიტარიზმსა და უუნარობაში ადანაშაულებენ.

ეკონომიკური პრობლემების გარდა, საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი მიზეზი ეთნიკური ქართველებისთვის აფხაზური მოქალაქეობის მინიჭება გახდა, რასაც ოპოზიცია ეწინააღმდეგება.

კომენტარები