გამოსვლები აფხაზეთში

ხიდაშელი: აფხაზეთში ყირიმის სცენარი არ განმეორდება

"აფხაზეთში ყირიმის სცენარი არ განმეორდება", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა ტაბულას ეთერში, გადაცემა ფოკუსში განაცხადა.

მისი თქმით, აფხაზებს კარგად აქვთ გათვით,ცნობიერებული რუსული საფრთხე და, მისი აზრით, გამორიცხულია აფხაზეთში რუსული სცენარი იმ ფორმით გათამაშდეს, რა ფორმითაც ყირიმში მოხდა.

”მე ძალიან კარგად ვიცნობ აფხაზებს, პოლიტიკურ სპექტრს აფხაზებისა და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ შეუძლებელია იქ რუსული სცენარის იმ ფორმით გათამაშება, რაც მოხდა ყირიმში. ისინი ძალიან მაგარი ხალხი არიან, რაღაც ასპექტით შეიძლება ჩვენზე უფრო მაგარიც, იმ ნაწილში, რომ კარგად აქვთ გათვითცნობიერებული ხარისხი საფრთხის რომელიც რუსეთის მიერ მათი ანექსიის შემდეგ მათ დაემუქრებათ - როგორც ერს, რომელიც უბრალოდ შეიძლება გაქრეს და ასევე მათ სახელმწიფოებრიობას, რომლისთვისაც მათ ამდენი ხანი იბრძოლეს. მეორე საკითხია, ჩვენ როგორ ვუყურებთ ამას და როგორ მოგვწონს, რომ ისინი თავიანთი სახელმწიფოებრიობისთვის იბრძვიან”, - განაცხადა ხიდაშელმა.  

ვითარება სოხუმში გუშინ დაიძაბა მას შემდეგ, რაც რამდენიმე ათასი ადამიანი ანქვაბის რეზიდენციასთან ე. წ. სახალხო კრებაზე შეიკრიბა. მომიტინგეებმა მთავრობის, გალის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის გამგებლების გადადგომა, ასევე რეფორმების გატარება მოითხოვეს.

ეკონომიკური პრობლემების გარდა, საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი მიზეზი ეთნიკური ქართველებისთვის აფხაზური მოქალაქეობის მინიჭება გახდა, რასაც ოპოზიცია ეწინააღმდეგება.

ალექსანდრ ანქვაბი ოპონენტებთან მოლაპარაკებებს დათანხმდა და მთავრობისა და მთავარი პროკურორის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, მომიტინგეებმა შენობის შტურმი დაიწყეს, რის შემდეგაც ანქვაბმა შენობა დატოვა.

როგორც დღეს დილით დე ფაქტო პრეზიდენტმა განაცხადა, სოხუმში ადგილი ჰქონდა შეიარაღებული გზით ძალაუფლების ხელში აღების მცდელობას.

კომენტარები