სახალხო დამცველის ანგარიში

სახალხო დამცველმა ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს ანგარიში წარუდგინა

radiotavisupleba.ge/

სახალხო დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საპარლამენტო ანგარიში წარუდგინა. სახალხო დამცველმა 2013 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით გამოკვეთილ ტენდენციებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა. 

სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებზე, ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, ლიბერალურ სისხლის სამართლის პოლიტიკაზე, საერთაშორისო კონვენციათა რატიფიკაციის დადებით ტენდენციაზე. მისი თქმით, 2013 წელი ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა ბევრი სერიოზული პრობლემაც დარჩა.

უჩა ნანუაშვილმა ისაუბრა პენიტენციური სისტემის რეფორმებსა და გამოწვევებზე, პაემნების არსებული პრაქტიკის ცვლილების აუცილებლობაზე, არასათანადო მოპყრობასა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა განმეორებითი ძალადობის ან დაშინებისგან დაცვაზე; სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების დანაშაულებრივი ქმედებების კვალიფიკაციაზე; საყოფაცხოვრებო პირობების ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობაზე.

ომბუდსმენმა ასევე ისაუბრა დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებულ საყოფაცხოვრებო პირობებსა და პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით არაეფექტურ გამოძიებაზე. სახალხო დამცველის თქმით, პრობლემაა გამოძიების ხარვეზები, ხშირ შემთხვევაში დანაშაულის არასწორი კვალიფიკაცია და გამოძიების პროცესის გაჭიანურება. აღინიშნა, რომ დამოუკიდებელი, ეფექტიანი, მიუკერძოებელი გამოძიების ხარვეზებსა და პრობლემებზე სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალური ანგარიში მოამზადა, რომელიც საზოგადოებისთვის უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი.

სიცოცხლის უფლებაზე საუბრისას, სახალხო დამცველმა ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის გამოძიება და მიქაუტაძის საქმე განიხილა. დიდი ყურადღება დაუთმო სამართლიანი სასამართლოს უფლებას, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი მექანიზმის შექმნის აუცილებლობას; ადმინისტრაციული სახდელების 90 დღიანი პატიმრობის ვადის შემცირების აუცილებლობას.

უჩა ნანუაშვილმა ასევე ისაუბრა მოწყვლადი ჯგუფების პრობლემების გადაჭრის გზების ძიებაზე; ბავშვთა სიკვდილიანობაზე, მათი სიცოცხლის, ჯანმრთელ გარემოში ცხოვრებისა და ღირსეული აღზრდისათვის აუცილებელი პირობების შექმნისათვის სავალდებულო სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებაზე; ოჯახური ძალადობის, გენდერული თანასწორობის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, უმცირესობათა უფლებების დაცვის აუცილებლობაზე.

კომენტარები