გამოსვლები აფხაზეთში

ზალკალიანი: ენმ აფხაზეთის საკითხს პოლიტიკური მიზნებისთვის ნუ გამოიყენებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი საპარლამენტო უმცირესობას მოუწოდებს, აფხაზეთის საკითხს პოლიტიკური მიზნებისთვის ნუ გამოიყენებენ. დავით ზალკალიანის განცხადებით, ოფიციალური თბილისი ყველაფერს აკეთებს საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაციისთვის.

"ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით ვადევნებთ თვალს ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ, სოხუმში მიმდინარე პროცესებს. მე დილიდან მქონდა აქტიური ურთიერთობა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან. დილით შევხვდი გაერო-ს სპეციალურ წარმომადგენელს ანტი ტურუნენს, რომელიც სოხუმიდან დაბრუნდა. მან მომაწოდა ბოლო ინფორმაცია მიმდინარე პროცესების შესახებ. გარდა ამისა, მქონდა სატელეფონო საუბარი ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარესთან ეუთო-ს მხრიდან და ასევე, შედგა კომუნიკაცია ბრიუსელში, ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან. ისინი დეტალურად ჩავაყენეთ საქმის კურსში სოხუმში შექმნილი ვითარების შესახებ. არ შეიძლება, ჩვენს შეშფოთებას არ იწვევდეს ის მოწოდებები, რომელიც იქ გაისმის, კერძოდ ეთნიკურ ნიადაგზე ქართული მოსახლეობის დისკრიმინაციასთან დაკავშირებით და ე.წ. პასპორტიზაციის საკითხი, რომელიც გარკვეულმა ძალებმა გამოიყენეს თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის", - განაცხადა ზალკალიანმა და აღნიშნა, რომ ოფიციალურმა თბილისმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა მაქსიმალური ჩართულობისკენ სიტუაციის დეესკალაციის მიზნით.

"მათი მხრიდან არის სრული გაგება და სერიოზული მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს მათი აქტიური ჩართვა ამ პროცესებში", - აღნიშნა ზალკალიანმა და დაამატა, რომ აღნიშნულ საკითხს გაეროში დაგეგმილ შეხვედრებზე ასევე დააყენებს აშშ-ში ვიზიტით მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე.

"მინდა ასევე განვაცხადო და მოვუწოდო უმცირესობის წარმომადგენლებს, ამ სენსიტიურ საკითხს ნუ იყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის და მინდა დავარწმუნო ყველა, ჩვენი საზოგადოება, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არის აქტიურ კონსულტაციებში ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან და მოხდება ჩვენი ინტერესების გარშემო საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაცია", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ვითარება სოხუმში გუშინ დაიძაბა მას შემდეგ, რაც რამდენიმე ათასი ადამიანი ანქვაბის რეზიდენციასთან ე. წ. სახალხო კრებაზე შეიკრიბა. მომიტინგეებმა მთავრობის, გალის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის გამგებლების გადადგომა, ასევე რეფორმების გატარება მოითხოვეს.

ეკონომიკური პრობლემების გარდა, საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი მიზეზი ეთნიკური ქართველებისთვის აფხაზური მოქალაქეობის მინიჭება გახდა, რასაც ოპოზიცია ეწინააღმდეგება.

ალექსანდრ ანქვაბი ოპონენტებთან მოლაპარაკებებს დათანხმდა და მთავრობისა და მთავარი პროკურორის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, მომიტინგეებმა შენობის შტურმი დაიწყეს, რის შემდეგაც ანქვაბმა შენობა დატოვა.

როგორც დღეს დილით დე ფაქტო პრეზიდენტმა განაცხადა, სოხუმში ადგილი ჰქონდა შეიარაღებული გზით ძალაუფლების ხელში აღების მცდელობას.

ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, რეალური ეჭვია, რომ პროცესები აფხაზეთში მიმდინარეობს იმავე სცენარით, "რა სცენარიც იქნა გამოყენებული ყირიმის და აღმოსავლეთ უკრაინის შემთხვევაში". დავით ბაქრაძის განცხადებით, ეს არის ძალიან რეალური საფრთხე და ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად ქართულმა სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს. გიგა ბოკერიას შეფასებით კი, ხელისუფლება უმოქმედო და უნიათოა.

კომენტარები