გამოსვლები აფხაზეთში

ანქვაბი: ეს არის ძალაუფლების შეიარაღებული გზით ხელში ჩაგდების მცდელობა

ITAR-TASS

აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის ალექსანდრ ანქვაბის განცხადებით, უშიშროების საბჭოს წევრებთან ერთად, სიტუაციიდან გამოსვლის გზებს განიხილავს.

"არსად წავსულვარ, აფხაზეთში ვიმყოფები, უშიშრობის საბჭოს წევრებთან ერთად ვმსჯელობთ მოვლენების განვითარების სხვადასხვა ვარიანტებზე. ჩვენი მთავარი მიზანია, არ დავუშვათ მოვლენების განვითარება იმ სცენარით, რომელიც აფხაზეთისთვის გამოუსწორებელ შედეგს მოიტანდა. სამართლებრივად, რა თქმა უნდა, ეს არის ძალაუფლების შეიარაღებული გზით ხელში ჩაგდების მცდელობა" - განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრ ანქვაბმა.

ვითარება სოხუმში გუშინ დაიძაბა მას შემდეგ, რაც რამდენიმე ათასი ადამიანი ანქვაბის რეზიდენციასთან ე. წ. სახალხო კრებაზე შეიკრიბა. მომიტინგეებმა მთავრობის, გალის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის გამგებლების გადადგომა, ასევე რეფორმების გატარება მოითხოვეს. ეკონომიკური პრობლემების გარდა, საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი მიზეზი ეთნიკური ქართველებისთვის აფხაზური მოქალაქეობის მინიჭება გახდა, რასაც ოპოზიცია ეწინააღმდეგება. ალექსანდრ ანქვაბი ოპონენტებთან მოლაპარაკებებს დათანხმდა და მთავრობისა და მთავარი პროკურორის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, მომიტინგეებმა შენობის შტურმი დაიწყეს, რის შემდეგაც ანქვაბმა შენობა დატოვა. როგორც დღეს დილით დეფაქტო პრეზიდენტმა განაცხადა, სოხუმში ადგილი ჰქონდა შეიარაღებული გზით ძალაუფლების ხელში აღების მცდელობას.

კომენტარები