გამოსვლები აფხაზეთში

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს აპირებს

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს აპირებს. სიტუაციის დასარეგულირებლად კი, დღეს სოხუმში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი ჩავლენ. ამის შესახებ სოხუმის ე. წ. უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ ნუგზარ აშუბამ განაცხადა.

აფხაზური ოპოზიცია აცხადებს, რომ ძალაუფლება საკუთარ ხელში აიღო. ხელისუფლების მოწინააღმდეგეებმა სოხუმში დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს მას შემდეგ, რაც ის ალექსანდრ ანქვაბმა დატოვა.

"მმართველობის წლების განმავლობაში პრეზიდენტი არავის აძლევდა უფლებას საკუთარი საქმე ეკეთებინა. ის ყველა ფუნქციას თავად ასრულებდა. ამან ის გამოიწვია, რომ ჩვენი სახელმწიფო ფაქტობრივად ავტორიტარული რეჟიმი გახდა. ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭომ სახელმწიფო სტრუქტურების ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობა აიღო. ამიერიდან არცერთ ადამიანს, ვინც თავს ხელისუფლების წარმომადგენელს უწოდებდა, ამ შენობაში შესვლის მორალური უფლება აღარ ექნება", - განაცხადა ოპოზიციის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ.

ვითარება სოხუმში გუშინ დაიძაბა მას შემდეგ, რაც რამდენიმე ათასი ადამიანი ანქვაბის რეზიდენციასთან ე. წ. სახალხო კრებაზე შეიკრიბა. მომიტინგეებმა მთავრობის, გალის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის გამგებლების გადადგომა, ასევე რეფორმების გატარება მოითხოვეს. ეკონომიკური პრობლემების გარდა, საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი მიზეზი ეთნიკური ქართველებისთვის აფხაზური მოქალაქეობის მინიჭება გახდა, რასაც ოპოზიცია ეწინააღმდეგება. ალექსანდრ ანქვაბი ოპონენტებთან მოლაპარაკებებს დათანხმდა და მთავრობისა და მთავარი პროკურორის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, მომიტინგეებმა შენობის შტურმი დაიწყეს, რის შემდეგაც ანქვაბმა შენობა დატოვა. როგორც დღეს დილით დეფაქტო პრეზიდენტმა განაცხადა, სოხუმში ადგილი ჰქონდა შეიარაღებული გზით ძალაუფლების ხელში აღების მცდელობას. ანქვაბის თქმით, იგი უშიშროების საბჭოს წევრებთან სიტუაციისგან გამოსვლის გზებს განიხილავს.

"არსად წავსულვარ, აფხაზეთში ვიმყოფები, უშიშრობის საბჭოს წევრებთან ერთად ვმსჯელობთ მოვლენების განვითარების სხვადასხვა ვარიანტებზე. ჩვენი მთავარი მიზანია, არ დავუშვათ მოვლენების განვითარება იმ სცენარით, რომელიც აფხაზეთისთვის გამოუსწორებელ შედეგს მოიტანდა. სამართლებრივად, რა თქმა უნდა, ეს არის ძალაუფლების შეიარაღებული გზით ხელში ჩაგდების მცდელობა", - განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრ ანქვაბმა.

სოხუმში, ოპოზიციის აქციის პარალელურად, დე ფაქტო პარლამენტის სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც შექმნილი სიტუაცია განიხილება.

კომენტარები