გამოსვლები აფხაზეთში

ვოლსკი: ყირიმში სულ სხვა სცენარი და სულ სხვა რეალობაა


საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის შეფასებით, "ყირიმში სულ სხვა სცენარი და სულ სხვა რელობაა". მისი განცხადებით, ყირიმში არის სტრატეგიული, შავ ზღვაზე გასავლელი ფლოტის საკითხი და სამხედრო არმადის თემა, რომელიც აკონტროლებს შავი ზღვის აკვატორიას.

"აფხაზეთში კი, ეს თემა, რომ რუსეთთან მეტი ურთიერთობა და ნაკლები კორუფციაა საჭირო, ყოველთვის ისმოდა და ახალიც არ არის, არც ოპოზიციისგან არ აკლდა რუსეთს ხსენება და არც დე ფაქტო ხელისუფლებისგან, ყველა ცდილობდა გამოჩენილიყო, როგორც რუსეთთან ახლოს მდგომი. ჩვენ ნუ შევქმნით ახალ თეორიებს, რომ ყირიმში ასე იწყებოდა", - თქვა ვოლსკიმ. 

ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, რეალური ეჭვია, რომ პროცესები აფხაზეთში მიმდინარეობს იმავე სცენარით, "რა სცენარიც იქნა გამოყენებული ყირიმის და აღმოსავლეთ უკრაინის შემთხვევაში".

ვითარება სოხუმში გუშინ დაიძაბა მას შემდეგ, რაც რამდენიმე ათასი ადამიანი ანქვაბის რეზიდენციასთან ე. წ. სახალხო კრებაზე შეიკრიბა. მომიტინგეებმა მთავრობის, გალის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის გამგებლების გადადგომა, ასევე რეფორმების გატარება მოითხოვეს. ეკონომიკური პრობლემების გარდა, საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი მიზეზი ეთნიკური ქართველებისთვის აფხაზური მოქალაქეობის მინიჭება გახდა, რასაც ოპოზიცია ეწინააღმდეგება. ალექსანდრ ანქვაბი ოპონენტებთან მოლაპარაკებებს დათანხმდა და მთავრობისა და მთავარი პროკურორის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

თუმცა, მომიტინგეებმა შენობის შტურმი დაიწყეს, რის შემდეგაც ანქვაბმა შენობა დატოვა. როგორც დღეს დილით დე ფაქტო პრეზიდენტმა განაცხადა, სოხუმში ადგილი ჰქონდა შეიარაღებული გზით ძალაუფლების ხელში აღების მცდელობას. ანქვაბის თქმით, იგი უშიშროების საბჭოს წევრებთან სიტუაციისგან გამოსვლის გზებს განიხილავს.

კომენტარები