გამოსვლები აფხაზეთში

ციხელაშვილი: აფხაზეთის ყირიმთან შედარება ნაადრევია, აქ სხვანაირი კონტექსტია

epn.ge

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ქეთევან ციხელაშვილის შეფასებით, "დასკვნების გამოტანა, რომ აფხაზეთში მიმდინარე პროცესები შეიძლება იქცეს რეფერენდუმის და ყირიმის სცენარის განმეორების საფუძვლად, ნაადრევია". მისი აზრით, "აქ არის ცოტა სხვანაირი კონტექსტი".

ამასთან, ქეთევან ციხელაშვილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ვინმე სპეკულირებდეს იმ თემით, რომელიც უკავშირდება აფხაზეთის რეგიონში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს.

"ჩვენი ამოცანაა, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, იმ მექანიზმებით, რომელიც არის ჩვენს ხელთ, დავიცვათ იმ მოსახლეობის ინტერესები, რომელიც ცხოვრობს ჩვენს აფხაზეთის რეგიონში. ვგულისხმობ პირველ რიგში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობას და საერთაშორისო ფორმატებს", - აღნიშნავს ციხელაშვილი.

ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, რეალური ეჭვია, რომ პროცესები აფხაზეთში მიმდინარეობს იმავე სცენარით, "რა სცენარიც იქნა გამოყენებული ყირიმის და აღმოსავლეთ უკრაინის შემთხვევაში".

ვითარება სოხუმში გუშინ დაიძაბა მას შემდეგ, რაც რამდენიმე ათასი ადამიანი ანქვაბის რეზიდენციასთან ე.წ. სახალხო კრებაზე შეიკრიბა. მომიტინგეებმა მთავრობის, გალის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის გამგებლების გადადგომა, ასევე რეფორმების გატარება მოითხოვეს. ეკონომიკური პრობლემების გარდა, საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი მიზეზი ეთნიკური ქართველებისთვის აფხაზური მოქალაქეობის მინიჭება გახდა, რასაც ოპოზიცია ეწინააღმდეგება. ალექსანდრ ანქვაბი ოპონენტებთან მოლაპარაკებებს დათანხმდა და მთავრობისა და მთავარი პროკურორის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

თუმცა, მომიტინგეებმა შენობის შტურმი დაიწყეს, რის შემდეგაც ანქვაბმა შენობა დატოვა. როგორც დღეს დილით დე ფაქტო პრეზიდენტმა განაცხადა, სოხუმში ადგილი ჰქონდა შეიარაღებული გზით ძალაუფლების ხელში აღების მცდელობას. ანქვაბის თქმით, იგი უშიშროების საბჭოს წევრებთან სიტუაციისგან გამოსვლის გზებს განიხილავს.

კომენტარები