გამოსვლები აფხაზეთში

ბოკერია: აფხაზეთთან მიმართებით, ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების სრულ უმოქმედობას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით, აფხაზეთში მიმდინარე გამოსვლებთან დაკავშირებით, "ჩვენ ვხედავთ სრულ უმოქმედობას ხელისუფლების მხრიდან". მისი განცხადებით, ის პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს ოკუპირებულ აფხაზეთში, პოტენციურად სერიოზული გამოწვევაა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და პირველ რიგში, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის.

"ჩვენ გვესმის ლოზუნგები, რომლებიც დაფიქსირდა, რომ მკაცრ მიდგომას უნდა ჰქონდეს ადგილი ეთნიკური ქართველების მიმართ. ამ ფონზე, ჩვენ ვერ ვხედავთ პროაქტიურ პოლიტიკას, მცდელობას, რომ ყველა საერთაშორისო, დიპლომატიური არხი იქნას გამოყენებული ამ პრობლემისთვის ყურადღების მისაქცევად და რუსეთის როლის გამოსააშკარავებლად" - აცხადებს ბოკერია და აღნიშნავს, რომ "ეს პროცესი მინდობილი აქვს ვახტანგ ყოლბაიას, ბურჯანაძის პარტიის აქტივისტს, რომელმაც მოგვახსენა ცოტა ხნის წინ, რომ შეიძლება, გამგებელი შეიცვალოს და ამით ამოწურა პოტენციური საფრთხეები". მისი განცხადებით, ეს არის სრული უნიათობის კიდევ ერთი მაგალითი.

ვითარება სოხუმში გუშინ დაიძაბა მას შემდეგ, რაც რამდენიმე ათასი ადამიანი ანქვაბის რეზიდენციასთან ე. წ. სახალხო კრებაზე შეიკრიბა. მომიტინგეებმა მთავრობის, გალის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის გამგებლების გადადგომა, ასევე რეფორმების გატარება მოითხოვეს.

ეკონომიკური პრობლემების გარდა, საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი მიზეზი ეთნიკური ქართველებისთვის აფხაზური მოქალაქეობის მინიჭება გახდა, რასაც ოპოზიცია ეწინააღმდეგება.

ალექსანდრ ანქვაბი ოპონენტებთან მოლაპარაკებებს დათანხმდა და მთავრობისა და მთავარი პროკურორის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, მომიტინგეებმა შენობის შტურმი დაიწყეს, რის შემდეგაც ანქვაბმა შენობა დატოვა.

როგორც დღეს დილით დეფაქტო პრეზიდენტმა განაცხადა, სოხუმში ადგილი ჰქონდა შეიარაღებული გზით ძალაუფლების ხელში აღების მცდელობას.

კომენტარები