გამოსვლები აფხაზეთში

ბაქრაძე: რეალური ეჭვია, რომ აფხაზეთში პროცესები ყირიმის მსგავსად ვითარდება

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის შეფასებით, პროცესები აფხაზეთში მიმდინარეობს იმავე სცენარით, "რა სცენარიც იქნა გამოყენებული ყირიმის და აღმოსავლეთ უკრაინის შემთხვევაში".

"ის, რაც დღეს სოხუმში ხდება, ძალიან გვაშფოთებს და არ შეიძლება, არ გვაშფოთებდეს, მით უმეტეს, იმ პროცესების გათვალისწინებით, რომელიც დღეს უკრაინაში მიმდინარეობს. სოხუმში მიმდინარე პროცესი - იქ გაჟღერებული მოთხოვნები, რომ აფხაზეთმა უნდა აირჩიოს რუსეთთან ინტეგრაციის გზა; ის ფაქტი, რომ აქციის ზოგიერთი მონაწილე პირდაპირ ითხოვს ეთნიკური ქართველების გასახლებას აფხაზეთიდან; ის ფაქტი, რომ დღეს აფხაზეთში ჩასვლას აპირებს პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე - ყოველივე ეს წარმოშობს, სამწუხაროდ, ძალიან რეალურ ეჭვს, რომ პროცესები აფხაზეთში მიმდინარეობს იგივე სცენარით, რა სცენარიც იქნა გამოყენებული ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის შემთხვევაში. კერძოდ, ვითომდა ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით პროცესი მიდის საქართველოს ამ ნაწილის რუსეთთან საბოლოოდ მიერთებისა და ანექსირების მიმართულებით. ეს არის ძალიან რეალური საფრთხე და ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად ქართულმა სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს" - აცხადებს დავით ბაქრაძე და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს უმოქმედოდ და ინერტულად ყოფნა.

"დღესვე დაიწყოს მაქსიმალურად აქტიური დიპლომატიური მუშაობა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, ყველა უცხოელ პარტნიორთან იმისთვის, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ საფრთხე და რისკი", - განაცხადა ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ ის არ დაყოფს აფხაზეთში მცხოვრებებს გალსა და გუდაუთაში მყოფ ადამიანებად.

"ყველა, ვინც ცხოვრობს აფხაზეთში, არის ჩვენი მოქალაქე და ჩვენი ნაწილი", - დასძენს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი.

კომენტარები