კრიზისი უკრაინაში

დონეცკში ანტიტეროტისტული ოპერაციის შედეგად, 150 ტერორისტია მოკლული

დონეცკის აეროპორტის ტერიტორია
Reuters

დონეცკში ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად ტერორისტებმა დიდი დანაკარგი განიცადეს.

ტერორისტები, რომლებმაც დონეცკის აეროპორტის დაკავება სცადეს, პრაქტიკულად, მთლიანად განადგურდნენ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. ბრძოლებში აეროპორტის გასათავისუფლებლად გუშინ სამხედრო ავიაცია ჩაერთო. ავიადარტყმები გვიან საღამომდე გრძელდებოდა.

სეპარატისტების მხარეს დიდი რაოდენობით კავკასიური გარეგნობის ადამიანები იბრძვიან, რომლებიც საკუთარ თავს კადიროვის მებრძოლებს უწოდებენ. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ოპერაციის შედეგად 150 ტერორისტი მოკლულია, 300-ზე მეტი დაშავდა. საჰაერიო დარტყმისას, ორი სატვირთო მანქანის განადგურების შედეგად, სეპარატისტთა მტკიცებით, სულ მცირე 35 ტერორისტი დაიღუპა.

აეროპორტიდან ტერორისტების გამოდევნის შემდეგ ბრძოლები ქალაქის ქუჩებში გაგრძელდა. მოძრაობა აეროპორტის მიდამოებში პარალიზებული იყო. სამხედროების განცხადებით, თუ ტერორისტები არ დანებდებიან, ისინი წერტილოვანი დარტყმებით განადგურდებიან.

ანტიტერორისტული ოპერაცია დონეცკში ხმების დათვლის პარალელურად მიმდინარეობდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, ოქმების 93%-ის დათვლის შედეგად, კანდიდატმა პეტრო პოროშენკომ ხმების 54%-ზე მეტი მიიღო, მეორე ადგილზე 13%-ით ყოფილი პრემიერი იულია ტიმოშენკოა. მესამეზე - რადიკალური პარტიის ლიდერი ოლეგ ლიაშკო, რომელსაც ხმა ამომრჩეველთა 9%-მა მისცა.

ეუთო-ს დამკვირვებლებმა არჩევნები სამართლიანად შეაფასეს, იმის მიუხედავად, რომ ისინი საგანგებო ვითარებაში, სეპარატისტების მხრიდან დაშინებისა და მუქარის პირობებში ჩატარდა. ამავე დროს, ეუთო ახალ ხელისუფლებას რეგიონების წარმომადგენლებთან დიალოგისკენ მოუწოდებს.

"უკრაინის საარჩევნო და უსაფრთხოების ადმინისტრაციები შექებას იმსახურებენ თავისი ძალისხმევისთვის საგანგებო პირობებში არჩევნების ჩასატარებლად, რომლებიც დემოკრატიულ ვალდებულებებს ძირითადად შეესაბამება. საარჩევნო კომისიებზე ზეწოლა, გატაცებები და მკვლელობების მუქარა არასრული ჩამონათვალია იმ მეთოდებისა, რასაც სეპარატისტები იყენებდნენ მოქალაქეებისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის მიზნით. ამის მიუხედავად, ამ არჩევნებმა ქვეყანაში სტაბილურობას უნდა შეუწყოს ხელი, ქვეყნის ახალმა ხელსუფლებამ კი დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს დიალოგი ყველა მოქალაქესთან და ხელისუფლებს დეცენტრალიზაციის პროცესს შეიწყოს ხელი", - ამბობს ეუთო-ს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელი ჟოაო სოარეში.

დიალოგისკენ მოუწოდა უკრაინის ახალ ხელისუფლებას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც.

"ეს არჩევნები პოლიტიკური სამოთხის კარი არ არის, უკრაინას ბევრი მუშაობა მოუწევს და იმედი მაქვს, ახალარჩეული პრეზიდენტი შეძლებს წინააღმდეგობის დაძლევას ქვეყნის აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის", - თქვა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.

კომენტარები