საქართველოს ეკონომიკა

ღარიბაშვილი: ბიზნესზე ზეწოლას ვერავინ განახორციელებს

ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესმენებს შეხვდა
facebook.com/GaribashviliOfficial

23 მაისს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ბიზნესმენებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების ხშირი შეხვედრები ის პრაქტიკაა, რომლის დანერგვითაც შესაძლებელი ხდება გაადვილდეს კომუნიკაცია ხელისუფლებასა და კერძო სექტორს შორის, რაც მომავალში გაუმჯობესებულ ბიზნესგარემოსა და ჯანსაღ ეკონომიკას უდრის. 

პრემიერმინისტრმა ასევე ისაუბრა ბოლო პერიოდში დანერგილ ინიციატივებზე, რომელიც ჯანსაღი ბიზნესგარემოს შექმნას უწყობს ხელს. ამ ინიციატივებს შორის დასახელდა კონკურენციის სააგენტოსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა

ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ 2014 წლის მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველო ბიზნესის კეთების სიადვილით მე-8 ადგილზეა. 

პრემიერმა ასევე ისაუბრა იმპორტ-ექსპორტის დინამიკასა და საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე, რომელმაც, მისი თქმით, 2014 წლის იანვარ-აპრილში 3 მილიარდ 441 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 14%-იანი მატების მაჩვენებელია. 

მან ასევე აღნიშნა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 7.4%-ს მიაღწია. 

ინფორმაციისთვის, 2014 წლის იანვარი-აპრილის მონაცემებით, საქართველოს სტატისტიკის ბიუროს მიხედვით, მთავარ საექსპორტო სექტორებად მსუბუქი ავტომობილების (194 მლნ დოლარი), ფეროშენადნობების (102 მლნ დოლარი), სპილენძის მადნების (82 მლნ დოლარი), ღვინის (59 მლნ დოლარი) და აზოტოვანი სასუქების (58 მლნ დოლარი) ექსპორტი სახელდება. იმპორტის წამყვან ინდუსტრიებს შორის კი ნავთობი და ნავთობპროდუქტები (241 მლნ დოლარი), მსუბუქი ავტომობილები (200 მლნ დოლარი) და სამკურნალო საშუალებებია (90 მლნ დოლარი). 

2014 წლის მონაცემებით, ექსპორტის 55% დსთ-ის, ხოლო 21% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. იმპორტის დინამიკა კი ასე განისაზღვრება: ევროკავშირი - 28%, დსთ - 26%, დანარჩენი ქვეყნები - 46%. 

პრობლემური საკითხების განხილვისას პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არის რიგი საკითხები საგადასახადო ადმინისტრირების მიმართულებით, რომლის გადაჭრაზეც იმუშავებენ მთავრობის წარმომადგენლები. ამ და სხვა საკითხებზე მუშაობას, ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა ბიზნესმენებთან ერთად განაგრძობს. 

"მე ვიქნები გარანტი იმისა, რომ ბიზნესზე ზეწოლას ვერავინ განახორციელებს. ჩვენი მთავრობის ამოცანაა, ბიზნესი მაქსიმალურად გავათავისუფლოთ და არ შევუქმნათ მას დამატებითი ბარიერები", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები