შსს

შსს: სამართალდამცველებმა ცოლის მკვლელობაში ბრალდებული ჩამომხრჩვალი იპოვეს

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა ქობულეთის რაიონის სოფელ ოჩხამურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ჩამომხრჩვალი იპოვეს. 

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ოჩხამურში, ღამით, თეიმურაზ ქ-მ საკუთარ საცხოვრებელ სახლში მეუღლეს - 1984 წელს დაბადებულ რუსუდან ბ-ს ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში ორი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალბატონი ადგილზევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა თეიმურაზ ქ. მომხდარიდან რამდენიმე საათში სოფელ ოჩხამურის ტერიტორიაზე ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და თვითმკვლელობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 115-ე მუხლით).

ოჩხამურში გარდაცვლილი ქალბატონი მეცხრე შვილზე იყო ორსულად. სოფლის რწმუნებულის როლანდ ბერიძის ცნობით, მკვლელობა, სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა. ოჯახი სოციალურად დაუცველი იყო. სოციალური სააგენტოს თანამშრომლები ბავშვების მეურვეობასთან დაკავშირებით შესაბამის ღონისძიებებს მოგვიანებით მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში, ქმრის მიერ ცოლის (ან ყოფილი ცოლის) მკვლელობის (ან დაჭრის) რამდენიმე შემთხვევა გახდა ცნობილი.

კომენტარები