ასოცირების შეთანხმება

ბაროზო: ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა იქნება ისტორიული ეტაპი

ევროკომისიის პრეზიდენტის ჟოზე მანუელ ბაროზოს განცხადებით, საქართველოს პრემიერთან მისი შეხვედრა "იმ ნათელი გზავნილის მატარებელია, რომ ევროკომისია მხარს უჭერს დემოკრატიულ, აყვავებულ, სტაბილურ საქართველოს". ბაროზოს თქმით, ევროკავშირი საქართველოს ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ერთგულია.

"ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა იქნება ისტორიული ეტაპი და ინვესტიცია მომავალში, რომელიც საზოგადოებას მოუტანს სარგებელს, გახსნის ბაზრებს, იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეექმნათ აყვავებული მომავალი. საქართველო იყო ლიდერი რეფორმებში და ჩვენ მხარს ვუჭერთ ძირითად პოლიტიკურ და სასამართლოს სისტემის რეფორმებს. საქართველოს ამ გზაზე ევროკავშირი ყოველთვის მხარს დაუჭერს" - განაცხადა ბაროზომ და აღნიშნა, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ხელშეკრულება.

"ეს არის ეკონომიკური ინტეგრაცია და პოლიტიკური ასოცირების ხელშეკრულება. საქართველოს ექნება სრული წვდომა ევროპის ბაზარზე. ადვილი გასაგებია ის, რომ მცირე და მსხვილი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია ევროპის ბაზარზე შესვლა. ამ პატარა ქვეყანასაც ექნება ევროპის 500 მილიონიან ბაზარზე შესვლის შესაძლებლობა. ამიტომ ეს ხელშეკრულება ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის მოდერნიზაციის საშუალება. მოდერნიზაცია თქვენი ეკონომიკის, რომ უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს" - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ირაკლი ღარიბაშვილი ჟოზე მანუელ ბაროზოს ბრიუსელში დღეს შეხვდა. მათ ხელი მოაწერეს  ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო ევროკავშირისგან 19 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას მიიღებს. დოკუმენტი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაძლიერებას და ასოცირების შესახებ დაკავშირებული ღონისძიებების მხარდაჭერას გულისხმობს. შეხვედრისას გადაწყდა, რომ ჟოზე მანუელ ბაროზო საქართველოს 13 ივნისს ეწვევა. შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილის და ჟოზე მანუელ ბაროზოს ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. მხარეებმა რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებზეც ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს რუსეთის მხარისგან პირობა აქვს მიღებული, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა გართულებების გარეშე ჩაივლის. 

კომენტარები