საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო

GPB-ის სამეურვეო საბჭოს გრიგოლ გოგელია უხელმძღვანელებს

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მომდევნო 3 წლის განმავლობაში გრიგოლ გოგელია უხელმძღვანელებს. GPB-ის ახალმა სამეთვალყურეო საბჭომ დღეს პირველი სხდომა ჩაატარა და ფარული კენჭისყრის შედეგად, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ გრიგოლ გოგელია აირჩია.

საბჭოს ახლადარჩეული თავმჯდომარის თქმით, მისი მუშაობის მთავარი პრიორიტეტი ამ ეტაპზე ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება იქნება.

გრიგოლ გოგელია სს სარაჯიშვილის ბიზნეს განვითარებისა და სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის დირექტორია. ის 2013 წლის სექტემბერიდან დეკემბრის ჩათვლით მუშაობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოში, სხვადასხვა დროს იყო - კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის, სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი და სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი. გოგელია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად საპარლამენტო უმრავლესობამ წარადგინა. 

დღესვე, GPB-ის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ საბჭოს წევრებმა მარინა მუსხელიშვილი აირჩიეს. 

მარინა მუსხელიშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოების კვლევის ცენტრის დირექტორია. ის 2013 წლის სექტემბრიდან - დეკემბრამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩევლად მუშაობდა. მუსხელიშვილი სამეურვეო საბჭოს კანდიდატად სახალხო დამცველმა დაასახელა. 

მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, სამეურვეო საბჭოში 9 წევრი უნდა იყოს, თუმცა პარლამენტმა ამ დროისთვის მხოლოდ 7 (გიორგი კოხრეიძე, ქეთევან მსხილაძე, ლელა გაფრინდაშვილი, მარინა მუსხელიშვილი, გრიგოლ გოგელია, ალექსანდრე ვახტანგოვი, ნათელა სახოკია) დაამტკიცა. მეურვეთა ამ რაოდენობას გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება აქვს.

კომენტარები