NATO-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, მიუხედავად რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ დღეს გაცემული განკარგულებისა, რომ უკრაინის საზღვრებიდან მოხდეს სამხედროების გაყვანა, ამის დადასტურება ჯერ არ არსებობს. ამის შესახებ რასმუსენმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე განაცხადა.
მისი თქმით, ის მწუხარებას გამოთქვამს, რომ NATO-მ ვერანაირი დადასტურება, რომ რუსეთს სამხედრო შენაერთები გაჰყავს, ჯერჯერობით ვერ ნახა.
დღეს, ვლადიმირ პუტინმა ბრძანება გასცა უკრაინის საზღვრებთან მყოფი რუსული სამხედრო ძალების დისლოკაციის ადგილებში დაბრუნების შესახებ. კრემლის პრესსამსახურის ცნობით, პუტინის ბრძანებულების თანახმად, როსტოვის, ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქებში „გეგმიურ სამხედრო მანევრებში“ მონაწილე ძალები მუდმივი დისლოკაციის ადგილებს უნდა დაუბრუნდნენ და საბრძოლო მომზადება ადგილებზე გააგრძელონ.





