ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამოქალაქო-საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, "საზოგადოებას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ენმ-ის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი 2013 წლის დეკემბერში ნამდვილად გაიყვანეს საკნიდან". მისი შეფასებით, ეს ეჭვი კიდევ უფრო გაამყარა ხელისუფლების რეაქციამ, "როდესაც პრაქტიკულად, ქართული კანონმდებლობა დაირღვა და გამოძიება არ ჩატარდა". ის გამოეხმაურა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მრჩევლის ლალი მოროშკინას განცხადებასაც და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი, რომელიც შესაძლოა უკმაყოფილოა დღევანდელი ხელისუფლებითვე და ცდილობს, ასეთი განცხადებებით მიიპყროს ყურადღება, ათვლის წერტილად ვერ გამოდგება.
"როცა მერაბიშვილმა საკნიდან გაყვანის შესახებ განაცხადა, გამოძიება უნდა დაწყებულიყო იმ მომენტშივე, ამას ითხოვდა ქართული კანონმდებლობა და ესეც უხეშად დაარღვია დღევანდელმა ხელისუფლებამ. რა პერიოდიც არ უნდა გავიდეს, ამაზე ჩატარდება მიუკერძოებელი და ობიექტური გამოძიება და ყველა ის პირი, მათ შორის, დიმიტრი დარბაისელი, რომელმაც დეკემბერში, როცა მერაბიშვილი ციხიდან გაიყვანეს, უზარმაზარი პრემია აიღო, ბატონი ფარცხალაძეც გასცემენ გამოძიების კითხვებს პასუხს - რა პირობებში გაიყვანეს, როგორ გაიყვანეს ვანო მერაბიშვილი ციხიდან და როგორ განხორციელდა მასზე შანტაჟი და მუქარა" - თქვა ჭიაბერაშვილმა.
ცნობისთვის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მრჩევლის ლალი მოროშკინას თქმით, "პატარა ბავშვმაც იცის, რომ ვანო მერაბიშვილი ციხიდან გაყვანილი იყო. ეს იყო დიმიტრი დარბაისელის მიერ ჩადენილი დანაშაული, რომელსაც მთავარი პროკურორი ფარცხალაძე გადაყვა".





