ფარული მოსმენები

პერსონალურ მონაცემებზე წვდომის საკითხზე სპეციალური კომისია შეიქმნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა შავგულიძის განცხადებით, პერსონალურ მონაცემებზე წვდომის საკითხზე 1 ნოემბრამდე სპეციალური კომისია შეიქმნება. როგორც ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტის მომხსენებელმა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე თქვა, საკითხი – ვის ექნება პერსონალურ მონაცემებზე წვდომის "გასაღები", ამ ეტაპზე ღიად რჩება. 

"კანონპროექტში ღიად დარჩა ერთი და მეტად მნიშვნელოვანი - ე.წ. გასაღების საკითხი. დღეს ეს "გასაღები" არსებობს სამართალდამცავ სისტემაში. ჩვენ გვქონდა ვარიანტი, რომ ის გადასულიყო ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიების ხელში და კომპანიას მიეწოდებინა განჩინების შესაბამისი მოცულობითი ინფორმაცია სამართალდამცავი სისტემისთვის, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისა და განჩინების გამცემი სასამართლოსთვის, რათა ეფექტური კონტროლი განხორციელებულიყო იმაზე, მოიპოვებდნენ თუ არა სამართალდამცავები ნამდვილად იმ მოცულობის ინფორმაციას, რაც კომპანიებმა მიაწოდეს. თუმცა, უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფთან მუშაობის პროცესში გამოითქვა საშიშროება იმისა, რომ რადგან არ გაგვაჩნია ტექნოლოგიური და ადამიანური რესურსი, ვერ განხორციელდება ეფექტური კონტროლი კომპანიებიდან ინფორმაციის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად და განსაკუთრებით უცხო სპეცსამსახურებისთვის. მათი წინადადება იყო, არ გვეჩქარა და უფრო კარგად შეგვესწავლა ეს საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზებული იყო მკაცრი ფინანსური სანქციები და ლიცენზიის ჩამორთმევის უფლება. საბოლოოდ, შევჯერდით იმაზე, რომ ეს საკითხი გადაიდოს. პარლამენტი იღებს ვალდებულებას 1 ნოემბერამდე შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია, რომელშიც ჩაერთვება არასამთავრობო ორგანიზაციები, მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები, სპეციალისტები და შევიმუშავებთ ახალ რეგულაციას", - განაცხადა შავგულიძემ.

ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტის განილვა პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში მიმდინარეობს.

კომენტარები