რუსეთი

რატომ არ ელოდა არავინ უკრაინაში რუსეთის აგრესიას?

„პოლიტიკოსს სჭირდება უნარი, იწინასწარმეტყველოს, რა მოხდება ხვალ, შემდეგ კვირას, შემდეგ თვეს და შემდეგ წელს. მერე კი უნდა შეძლოს ახსნა, რატომ არ მოხდა ეს".

უინსტონ ჩერჩილი

რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გადაწყვეტილება მოულოდნელი არა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებისთვის, არამედ საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევართათვისაც აღმოჩნდა.

ამ დასკვნამდე „სწავლების, კვლევისა და საერთაშორისო პოლიტიკის პროექტის" (TRIP) მიერ ჩატარებულ კვლევას მივყავართ, რომელმაც საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მოღვაწე მეცნიერები უკრაინაში მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარის შესახებ, ნახევარკუნძულზე ვითარების ესკალაციასა და რუსეთის მიერ მის ანექსიამდე გამოკითხა. კერძოდ, გამოკითხვა 24-27 თებერვალს ჩატარდა, რუსული ძალები კი სევასტოპოლის აეროპორტს 28 თებერვლიდან აკონტროლებდნენ.

გამოკითხვის ფარგლებში, აშშ-ში საერთაშორისო ურთიერთობების 908 მკვლევარმა 9 შეკითხვას გასცა პასუხი, რომლებიც სხვადასხვა საკითხს, მათ შორის, უკრაინის კრიზისს, სირიაში ქიმიური იარაღის თემას და აშშ-ში თავდაცვის დანახარჯებს ეხებოდა.

შეკითხვაზე, „ჩაერევიან თუ არა რუსული სამხედრო ძალები უკრაინაში პოლიტიკური კრიზისის საპასუხოდ?", საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევართა მხოლოდ 14%-მა უპასუხა დადებითად, 57%-მა უარყოფითად, 29%-მა კი პასუხი „არ ვიცი" გასცა.

აშშ-ში საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევართა ასეთი განწყობა აისახა ამერიკული საზოგადოების იმ ნაწილზეც, რომელიც უშუალოდაა ჩართული საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში – პოლიტიკოსებზე, დიპლომატებზე, სამხედროებზე, ანალიტიკოსებზე, ჟურნალისტებზე და ა.შ. მეცნიერების, think tank-ების მოსაზრებები საგარეო პოლიტიკის სფეროში „ამინდის შექმნასა" და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე საკმაოდ სერიოზულ გავლენას ახდენს. ეს კარგად გამოჩნდა ყირიმის კრიზისის მიმდინარეობისასაც.

ერთი დღით ადრე, ვიდრე რუსი სამხედროები ყირიმის ნახევარკუნძულზე მიმდინარე პროცესებში ღიად და აქტიურად ჩაერთვებოდნენ, ამერიკული დაზვერვის მაღალჩინოსნები და ანალიტიკოსები თითქმის ერთხმად აცხადებდნენ, რომ მოსკოვის მხრიდან ამგვარ საფრთხეს ვერ ხედავდნენ. უფრო მეტიც, რუსეთის მიერ განხორციელებული ინტერვენციის შემდეგ, დაზვერვის წარმომადგენლები აღიარებდნენ, რომ სოჭში გასამართი დიდი რვიანის სამიტის წინ რუსეთის მხრიდან ამ ნაბიჯს არავინ ელოდა.


ფოტო: Getty Images
წარმოდგენილი ცხრილი, რომელიც Washington Post-მა გამოაქვეყნა, საშუალებას იძლევა, დავინახოთ, საერთაშორისო ურთიერთობების რომელმა თეორიამ შეძლო უკეთ ყირიმში რუსეთის ქმედებების პროგნოზირება.

საყურადღებოა, რომ მკვლევრები, რომლებიც საკუთარ თავს არცერთ პარადიგმას არ მიაკუთვნებენ, უკრაინაში მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარის პროგნოზირებისას უფრო ზუსტები აღმოჩნდნენ. ამის მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ მკვლევართა ეს ჯგუფი მოვლენების პროგნოზირების თუ სახელმწიფოთა ქმედებების ასახსნელად ინდივიდუალურ მიდგომას იყენებს და თითოეულ შემთხვევაში კონკრეტულ თეორიას ირჩევს, იმის მიხედვით, თუ რომელი უფრო მეტად შეესაბამება ვითარებასა და კონტექსტს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კვლევის თანახმად, მეცნიერები, რომლებიც არ არიან „გამოკეტილი" ერთ თეორიულ პარადიგმაში, უფრო ზუსტ პროგნოზს აკეთებენ, ვიდრე ისინი, ვინც ყველა შემთხვევაში ერთსა და იმავე მიდგომას თუ თეორიას მიმართავს.

გამოკითხვის შედეგები მნიშვნელოვანია საერთაშორისო ურთიერთობების სამ მთავარ თეორიას – რეალიზმს, ლიბერალიზმსა და კონსტრუქტივიზმს შორის დაპირისპირებაში „გამარჯვებულის" გამოსავლენადაც. როგორც აღმოჩნდა, უკრაინის მიმართ რუსეთის ქმედებების პროგნოზირება, სხვებთან შედარებით, ყველაზე უკეთ მაინც რეალისტებმა შეძლეს.

რეალიზმი, რომელიც დომინანტ თეორიად მიიჩნევა, საერთაშორისო ურთიერთობების პესიმისტურ სურათს ხატავს. მისი მიხედვით, საერთაშორისო სისტემა სახელმწიფოთაშორისი კონკურენციის ანარქიული არენაა, სადაც თითოეული, ძალაუფლებისთვის ბრძოლაში, სხვებთან შედარებით უპირატესობის მოპოვებას ცდილობს და, შესაბამისად, ერთმანეთისთვის ნდობის ნაკლები მიზეზი აქვს. ამ თეორიით, ქვეყნები არ იმყოფებიან მუდმივი ომის მდგომარეობაში, თუმცა ომის შესაძლებლობა ნებისმიერ ურთიერთობას საფუძვლად უდევს.

რეალისტების ასეთი პესიმისტური განწყობა საერთაშორისო სისტემისადმი მათი რამდენიმე დაშვებიდან გამომდინარეობს. ამის პირველ მიზეზად ისინი სისტემის ანარქიულობას, ანუ სახელმწიფოების სუვერენიტეტზე მაღლა მდგარი მმართველობის, „მთავრობების მთავრობის" არარსებობას მიიჩნევენ, რაც ქვეყნებს უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე მუდმივი ზრუნვისკენ უბიძგებს.

ასევე, ვინაიდან თითქმის ყველა სახელმწიფოს გააჩნია გარკვეული სამხედრო შესაძლებლობა, ისინი ერთმანეთისთვის პოტენციურად საშიშები ხდებიან. რეალისტების მიხედვით, ასეთ გარემოში, ქვეყნები ერთმანეთის განზრახვებში დარწმუნებული ვერასოდეს იქნებიან, ამიტომაც მათ მუდმივად უწევთ ფიქრი გადარჩენაზე, თანაც ამ გზაზე რაციონალურად მოქმედებენ.

სწორედ ასეთი დამოკიდებულებიდან მომდინარეობს მსოფლიოს რეალიზმისეული აღქმა, სადაც სახელმწიფოებს ერთმანეთის ეშინიათ და თანამშრომლობას ეჭვით უყურებენ, ყოველი მათგანი გადარჩენისთვის იბრძვის და თავისი შედარებითი ძალაუფლების მაქსიმიზაციას ცდილობს.

ალბათ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რატომ შეძლეს სწორედ ამ თეორიის მომხრეებმა რუსეთის ქმედებების შედარებით უფრო ზუსტად განსაზღვრა. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი მსოფლიოს სწორედ რეალიზმის თვალთახედვით აღიქვამს და, შესაბამისად, უკრაინასთან მიმართებითაც, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, სწორედ ამ თეორიის საუკეთესო ტრადიციების მიხედვით მოქმედებდა.

რეალისტებთან შედარებით, ნაკლებ შთამბეჭდავად გამოიყურება ლიბერალების და კონსტრუქტივისტების პროგნოზების სიზუსტის მაჩვენებელი.

ლიბერალიზმის თეორიული სკოლა საერთაშორისო ურთიერთობებში განმსაზღვრელ ფაქტორებად, რეალიზმისგან განსხვავებით, საერთაშორისო სამართალს, საერთაშორისო მორალს, ინტერესების თანხვედრას მიიჩნევს. ის ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხზე, რატომაა ეკონომიკური და გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობა უფრო შესაძლებელი, ვიდრე ამას რეალისტები მიიჩნევენ. მათი შეფასებით, ამ სფეროებში გაზრდილი თანამშრომლობა ომის ალბათობას ამცირებს. ამ თეორიით, სახელმწიფოებს შორის კონკურენციის მდგომარეობა არაა გარდაუვალი, პირიქით, თანამშრომლობა შესაძლებელია და ამით ყველა მხარე მოგებული რჩება.

ლიბერალიზმი ნაკლებ ყურადღებას აქცევს უსაფრთხოების საკითხებს და ეკონომიკის სფეროზე ფოკუსირდება. ლიბერალებს ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება მშვიდობის შენარჩუნებისა და ომის პრევენციის გზად მიაჩნიათ. ვინაიდან თანამშრომლობის შედეგად ომი და დაპირისპირება უფრო „ძვირი" და არაგონივრული ხდება, ლიბერალიზმის მიხედვით, ეს საკითხი საგარეო-პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენას ახდენს, მეტიც, დომინირებს ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა ძალა, ეროვნული ინტერესები, დამოუკიდებელი მოქმედება და სხვა.

აღნიშნული თეორია „კარგი მთავრობების", დახვეწილი საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებისა და ძლიერი საერთაშორისო ორგანიზაციების პირობებში სახელმწიფოთა შორის მშვიდობისა და თანამშრომლობის განვითარებას შესაძლებლად თვლის.

ალბათ, ლოგიკურია, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშად დარღვევით უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრა, საერთაშორისო წესებისა და ნორმების არად ჩაგდებითა და საერთაშორისო ორგანიზაციების სრული იგნორირებით ყირიმის ანექსია ლიბერალი თეორეტიკოსებისთვის მოულოდნელი იქნებოდა. ამას ისიც მოწმობს, რომ გამოკითხულ მეცნიერთა შორის ლიბერალები ყველაზე ხშირ შემთხვევაში აცხადებდნენ, რომ რუსეთი უკრაინაში სამხედრო გზით არ ჩაერეოდა და არ აფიქსირებდნენ, მაგალითად, პასუხს – „არ ვიცი", როგორც ამას კონსტრუქტივისტების დიდი ნაწილი აკეთებდა.

კონსტრუქტივისტებმა ლიბერალებთან შედარებით უკეთ, რეალისტებთან შედარებით კი უარესად შეძლეს უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის გეგმების გამოცნობა. ამასთან, გამოკითხული მეცნიერები, რომლებიც საკუთარ თავს კონსტრუქტივისტებად მიიჩნევდნენ, ყველაზე ხშირ შემთხვევაში სცემდნენ პასუხს „არ ვიცი".

მომავლის პროგნოზირებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულება კონსტრუქტივიზმის ერთ-ერთ სისუსტედაა მიჩნეული. ამ თეორიის თანახმად, მსოფლიო პოლიტიკური პროცესების განმსაზღვრელია საერთაშორისო საზოგადოების წესები და ნორმები. ისინი საერთაშორისო ურთიერთობების მონაწილეთა ინტერესებს განაპირობებს. ამავდროულად, კონსტრუქტივისტები მიიჩნევენ, რომ რეალიზმის მიერ დახატული საერთაშორისო ურთიერთობების სურათი სულაც არაა უალტერნატივო და ამ მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლა სავსებით შესაძლებელია.

კონსტრუქტივიზმის თანახმად, საერთაშორისო პოლიტიკა არის ადამიანური ქმნილება, რომელიც ინტელექტუალურ და იდეურ დონეზე არსებობს. საერთაშორისო სისტემა კი არის გარკვეულ გაზიარებულ შეხედულებათა და მოსაზრებათა ერთობლიობა, ნორმათა სისტემა. შესაბამისად, თუკი მასზე შეხედულებები შეიცვლება, გარდაიქმნება თავად სისტემაც.

კონსტრუქტივიზმის მთავარი დაშვება ისაა, რომ სახელმწიფოები, ისევე როგორც ადამიანები, ობიექტების მიმართ მოქმედებენ იქიდან გამომდინარე, რა მნიშვნელობა აქვს მათთვის ამ ობიექტებს. ამიტომაც, ეს თეორია ეწინააღმდეგება რეალიზმის მიდგომას, რომელიც არ განარჩევს „კარგ" და „ცუდ" ქვეყნებს და ყველა სახელმწიფოს ერთადერთ მოტივაციად დანარჩენებზე ძალაუფლების მოპოვებას ასახელებს.

ონსტრუქტივიზმი კი ამტკიცებს, რომ სახელმწიფოთა ქცევა მტრებთან და მეგობრებთან განსხვავებულია, რადგან სხვადასხვაა მტრების და მეგობრების საპასუხო ქმედებები და მათ მიმართ არსებული მოლოდინები.
ვინაიდან რუსეთსა და უკრაინას შორის მტრული ურთიერთდამოკიდებულება არასოდეს ყოფილა, გასაკვირი არაა, რომ კონსტრუქტივისტი მეცნიერების დიდ ნაწილს არ ჰქონდა რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაწყების ვარაუდი.

გამოკითხვა იმასაც აჩვენებს, რომ იმ მეცნიერების პროგნოზი, რომელთა შესწავლის სფეროშიც საერთაშორისო უსაფრთხოება ან რუსეთი და აღმოსავლეთი ევროპა შედის, სხვებთან შედარებით უფრო ზუსტი იყო.
რუსეთის ქმედებების სწორად პროგნოზირება იმ 150 ლიბერალი და კონსტრუქტივისტი მეცნიერიდან, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებს და სამართალს არ შეისწავლიდნენ, მხოლოდ 7%-მა შეძლო. შედარებისთვის, იმ 87 ლიბერალი და კონსტრუქტივისტი მკვლევრიდან, რომლებიც საერთაშორისო სამართალს და ორგანიზაციებს შეისწავლიან, 15%-მა სწორი პროგნოზი გააკეთა.

ხოლო იმ 87 ლიბერალი და კონსტრუქტივისტი მეცნიერიდან, რომლებიც საერთაშორისო უსაფრთხოებას, რუსეთს (აღმოსავლეთ ევროპის რეგიონს) ან საერთაშორისო ორგანიზაციებს და სამართალს არ სწავლობენ, მხოლოდ 5%-მა შეძლო რუსეთის პოლიტიკის ზუსტად განსაზღვრა. მხოლოდ ამ მონაცემებზე დაყრდნობით რაიმე სერიოზული დასკვნის გაკეთება საკამათო იქნებოდა, თუმცა ის ნამდვილად აჩენს კითხვას, რამდენად სერიოზულ გავლენას ახდენს თეორიული პარადიგმა ვითარების სწორ ანალიზზე.

ასევე საინტერესოა, რომ კვლევის ავტორების მიერ განსაზღვრული 25 საუკეთესო ინსტიტუციის მიერ გაკეთებული პროგნოზი რეალობისგან ყველაზე შორს აღმოჩნდა. უმნიშვნელო იყო სხვაობა იმ მეცნიერების პროგნოზებს შორის, რომლებიც კვლევის თვისებრივ და რაოდენობრივ მეთოდებს იყენებენ.

მთავარი დასკვნა, რაც შეიძლება გამოკითხვის შედეგად გამოიტანო, ისაა, რომ 1) საბოლოო ჯამში, უკრაინის მიმართ რუსეთის გეგმების ამოცნობის მცდელობისას, მკვლევართა უმრავლესობა შეცდა, ისევე როგორც აშშ-ის მაღალჩინოსნები, მათ შორის, დაზვერვის სამსახურიდანაც. მოულოდნელობის ეფექტი, შესაძლოა, იყო კიდეც მოსკოვის გეგმის ძლიერი მხარე.

2) ის ფაქტი, რომ რუსეთის ქმედებები საერთაშორისო ურთიერთობების აკადემიური წრეებისა და მაღალჩინოსნების საერთო მოლოდინის საპირისპირო გამოდგა, აჩენს ბუნებრივ კითხვებს მსოფლიოს მომავალ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. უკრაინის მიმართ რუსეთის გეგმების ამოცნობისას განცდილი მარცხი ბადებს კითხვას, რამდენად მომზადებული იქნება დასავლეთი, მათ შორის, განსაკუთრებით, აშშ რუსეთის შემდეგი ნაბიჯებისთვის. ამ კითხვას უნდა უპასუხონ როგორც საერთაშორისო პოლიტიკაში ჩართულმა პირებმა, ისე აკადემიური წრეების წარმომადგენლებმაც. ამისთვის, აუცილებელია მსგავსი კვლევების გაგრძელება, რადგან მხოლოდ ერთი გამოკითხვიდან გამომდინარე მსჯელობა სწორ დასკვნამდე ვერ მიგვიყვანს. იქამდე კი, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი საერთაშორისო ურთიერთობებს რეალიზმის პრიზმიდან უყურებს და შესაბამისადაც მოქმედებს, რაც გასათვალისწინებელია მისი ქმედებების ახსნისა და პროგნოზირებისთვის, ასევე მის მიმართ პოლიტიკის შემუშავებისა და გატარებისას.

კომენტარები