ფარული ჩანაწერები

უგულავა: ფაქტია, გვისმენენ, ამას სჭირდება გამოსწორება და არა გადაბრალება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიგი უგულავას შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის შს მინისტრობის დროინდელი დანაშაულებები "გააპრავოს". მისი თქმით, რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ჩანაწერები ავთენტურია და მასსა და დავით უსუფაშვილს შორის ნამდვილად შედგა საქმიანი სატელეფონო საუბარი.

"ეს ჩვეულებრივი ამბავია. არაჩვეულებრივი და მავნებლურია ის, რომ საუბარი იწერება და შსს საცერივით ცრის ასეთ ინფორმაციას. ეს უკვე დიდ საფრთხეს შეიცავს სააზოგადოებისთვის", - განაცხადა უგულავამ და აღნიშნა, რომ მოსმენებს დეპუტატების ზურაბ ჯაფარიძის და გოგა ხაჩიძის ჩატარებული ექსპერიმენტიც ადასტურებს. 

"რომ გვისმენენ, ეს ფაქტია. ამას სჭირდება გამოსწორება და არ სჭირდება გადაბრალება. მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც მთავრობა ოპოზიციას აბრალებდეს მოსმენას", - აღნიშნა ენმ-ის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ მთავრობა ტოტალურად უსმენს ყველას.

მისივე თქმით, "სისტემა ისეა მორღვეული, რომ ასეთი ჩანაწერების შავი ბაზარი შეიქმნა". როგორც უგულავა აღნიშნავს, უმრავლესობისგან, იმის ნაცვლად, რომ მთავრობას ქმედითი ზომების გატარება მოსთხოვოს და თავად ახალი კანონის მიღება დაიწყოს, "ვისმენთ, რომ თურმე ოპოზიცია მთავრობას უსმენს".

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, უკანონო მიყურადებაზე პასუხისმგებლობა ენიჭება კონკრეტულად ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც იმ მომენტში იყო შს მინისტრი. მისი თქმით, არცერთი ბავშვი არ დაიჯერებს, რომ შსს-ს ქვედა რგოლები პარლამენტის თავმჯდომარეს, დეპუტატებს, თბილისის მერს, ტელევიზიებს და ბიზნესმენებს თვითნებურად უსმენდნენ. უგულავა ასევე აღნიშნავს, რომ კერძო პირისგან, სახელმწიფოს გარეშე ფარული ვიდეო-აუდიო თვალთვალი ძალიან რთულია.

"მით უმეტეს, საქართველოსნაირ ქვეყანაში. ამის პრაქტიკა არსებობდა 90-იანი წლების რუსეთში, როცა ყველა სისტემა მორღვეული იყო. მაშინ ცნობილი იყო, რომ ბანკი რასიისკი კრედიტი, რომლის დამფუძნებელი და მფლობელი იყო ბიძინა ივანიშვილი, სწორედ ასეთი მეთოდებით მართავდა ბანკს. ანუ კერძო არასახელმწიფო მოსმენის პრაქტიკა ისტორიაში ცნობილია და ეს უკავშირდება ისევ ბიძინა ივანიშვილს და მის რასიისკი კრედიტს", - დასძენს ენმ-ის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, ასევე ეჭვის აღმძვრელია მთავრობის განცხადებები იმაზე, რომ შსს-დან ფარული მიყურადების აპარატურა დაიკარგა.

"წელიწად-ნახევარია, რაც მთავრობაში არიან. სანამ სკანდალი არ მოხდა და პრობლემა ცხვირზე არ შეეჯახათ, რატომ არ გამოიძიეს ეს საქმე? საერთოდ, ამ ხელისუფლებამ რომელი საქმე გამოძია, რომელიც ასე თუ ისე უკავშირდებოდა ახალ მთავრობას? თალიბების კლიპი? ჰაკიმ ფაშას გავრცელებული პროზექტურის კადრები? ბოცო წიკლაურის ცემა? თათუხაშვილის გარდაცვალების ფაქტი?" - კითხულობს უგულავა და აღნიშნავს, რომ "ხელისუფლება ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს".

ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში ხელისუფლების მაღალჩინოსნების სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერები 10 მაისს გამოაქვეყნა. საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, უკანონოდ შეძენილი სატელეფონო და ფარული ვიდეო მიყურადებისთვის განკუთვნილი სპეციალური პორტატული ტექნიკის დიდი ნაწილი დაკარგულია და არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ აღნიშნული ტექნიკით ყოფილი ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი პირები სარგებლობენ.

კომენტარები