უკანონო მოსმენები

ნაციონალური მოძრაობა უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს. ამის შესახებ  პარლამენტის წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა "ნაციონალური მოძრაობის" ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, უკანონო მოსმენები, როგორც აღმოჩნდა, ტოტალურ სისტემურ ხასიათს ატარებს და ინსტიტუტების მოშლას უწყობს ხელს. 

 "უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ჩვენ ხელისუფლების უმაღლესი პირებისგან არაერთგზის გვსმენია, რომ საქართველოში არ არსებობს უკანონო მოსმენების პრობლემა. გუშინ კი ყველამ ერთად ვიხილეთ ტოტალური მოსმენების და თვალთვალის მასშტაბური პრაქტიკის უტყუარი საბუთები ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში. ეს აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ეს დანაშაული ატარებს სისტემურ ხასიათს, რაც ხელყოფს ჩვენი მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს. უსმენენ ყველას. პარლამენტის თავმჯდომარის, თავდაცვის მინისტრის, უშიშროების საბჭოს მდივნის საუბრის უკანონო მოსმენა და თავისუფალ ცირკულაციაში მოქცევა ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს სახელმწიფო ინსტიტუტების გადაგვარებასა და მოშლასთან, რაც პირდაპირ უკავშირდება ეროვნული უსაფრთხოების საკითხს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, მოიწვიოს უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც განხილული იქნება უკანონო მოსმენებთან დაკავშირებული საკითხები. თუკი ასეთ თავისუფალ ცირკულაციაში არის ეს მასალები, სავსებით შესაძლებელია, რომ მას უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომლებიც ფლობდნენ", - განაცხადა წიკლაურმა. 

10 მაისს, ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში ხელისუფლების მაღალჩინოსნების სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერები გამოაქვეყნა. ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის განცხადებით, მაყურებელს საუბრების მხოლოდ მცირე ფრაგმენტები უჩვენეს, რომლებიც კონკრეტულ ინფორმაციას არ შეიცავდა და მხოლოდ მტკიცებულებას წარმოადგენს იმის შესახებ, რომ ამგვარი ჩანაწერები კეთდებოდა.

კომენტარები