უკანონო მოსმენები

გაბაშვილი: ფარული თვალთვალის კამპანიის ორგანიზატორი პირადად ღარიბაშვილია

geonews.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობაზე თვალთვალის უშუალო ორგანიზატორი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია. საპარლამენტო უმცირესობის წევრის გოკა გაბაშვილის განცხადებით,  პროკურატურის შეთავაზებული ვერსია იმდენად უსუსურია, რომ მასზე სერიოზული კომენტარის გაკეთება გაჭირდება.

"აქ აქცენტს პოლიტიკურ მხარეზე გავამახვილებ. პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა პირველივე დღეს გაკეთებული განცხადებით, რომ ყველაფერში რუსთავი 2 იყო დამნაშავე, ღიად გასცა დავალება პროკურატურის მისამართით - აღნიშნულ ხაზს გაჰყოლოდნენ. ეს ადასტურებს, რომ ფარული ჩანაწერები, ისევე, როგორც ტოტალური თვალთვალის სხვა მაგალითები, რაც საზოგადოებამ იცის და მომავალში გაიგებს, პირადად იყო და არის პრემიერის მიერ ორგანიზებული, რომელიც ჩანაწერების გაკეთების პერიოდში, შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. როგორც ჩანს, ის პირადად არის ამ თვალთვალის კამპანიის ორგანიზატორი და აქედან გამომდინარეობს მისი აუხსნელი მოუთმენლობა, როცა პირველივე დღეს, პროკურატურას პირდაპირ ეთერში დაავალა, რომ საზოგადოებისთვის ეს ვერსია შეეთავაზებინათ", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი არა მხოლოდ ცუდი პრემიერმინისტრია, არამედ საზოგადოებისთვის ნელ-ნელა სახიფათოც ხდება. 

"იმ ყველაფრის ფონზე, რაც ბოლო პერიოდში საზოგადოებამ გაიგო, დაწყებული თალიბების ე.წ. ჩანაწერებით, ჰაკიმ ფაშას ჩანაწერებით და ამ ბოლო ჩანაწერით, ნათელი ხდება, რომ პრემიერი ღარიბაშვილი, რომელიც შეპყრობილია ტოტალური თვალთვალის მანიით, არა მხოლოდ ცუდი პრემიერია, არამედ ნელ-ნელა საზოგადოებისთვის სახიფათო ხდება. ეს ყველაფერი მივა მისი პოლიტიკური და თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხამდე. შესაძლოა, ეს ასე მოხდეს, რადგან სრულიად ნათელია, რომ პოლიტიკური გუნდი პრემიერის თამადობით, ცდილობს გაამართლოს ის, რისი გამოძიებაც ევალება", - აღნიშნა გაბაშვილმა.

ცნობისთვის, მთავარმა პროკურატურამ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ში აღმოჩენილი სათვალთავალო ვიდეოკამერების დამონტაჟება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დაუკავშირა. პროკურატურის ინფორმაციით, რუსთავი 2-ის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თეიმურაზ კოვზიაშვილმა, რომელიც სამსახურიდან  7 მაისს გაათვისუფლეს, გამოძიებას კადრები გადასცა. უწყების ცნობით, ვიდეომასალა 2012 წლის 21 დეკემბერს არის ჩაწერილი და მასში ასახულია ყოფილი პრეზიდენტის დაცვის სამსახურის წევრები, რომლებიც ნიკა გვარამიას და ნინო შუბლაძის სამუშაო ოთახებში მუშაობენ. მოწმის განცხადებით, მან მომდევნო პერიოდში ტელეკომპანიაში ფარული ჩამწერი მოწყობილობის მონტაჟის კვალი აღმოაჩინა.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით კი, საქართველოს პროკურატურამ დღევანდელი განცხადებით დაადასტურა, რომ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობაზე ფარული მიყურადების ავტორი სწორედ საქართველოს ხელისუფლებაა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, მათ ეჭვი სწორედ პროკურატურის მიერ დასახელებულ მოწმეებზე ჰქონდათ. კერძოდ, ტელეკომპანიის დაცვის უფროსზე თეიმურაზ კოვზიაშვილზე და ცვლის უფროსზე - მკერლიშვილზე. მისი თქმით, სწორედ ამ ადამიანებს ჰქონდათ რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობის სამუშაო კაბინეტებზე შეუზღუდავი წვდომა და ისინი აკონტროლებდნენ, ვინ შედიოდნენ ოთახებში. გვარამიას განცხადებით, საბოლოო ხაზი სად-ის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ბუნტურიძემდე მიდის, რომელმაც ტელეკომპანია საკუთარი ინიციატივით,  2012 წლის 31 დეკემბერს დატოვა. გვარამიას თქმით, სწორედ კოვზიაშვილმა დააყენა კამერები ბუნტურიძის დავალებით. 

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, მას და გადაცემა პოზიციის წამყვანს ნინო შუბლაძეს ფარულად იწერდნენ. ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის გუნდთან ერთად, საგანგებო განცხადება 6 მაისს გააკეთა. მისი ცნობით, ვიდეომასალა შსს-დან გაუგზავნეს. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ინფორმატორის ვინაობას არ ასახელებს. 

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით, კერძო საუბრების, კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.

იმავე დღეს, საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რუსთავი 2-ს იმპროვიზაციის კარგი უნარი აქვს, განსაკუთრებით აქტიურობს და ინიციატივებს იჩენს. 

კომენტარები