უკანონო მოსმენები

პრეზიდენტი: მოსახლეობისთვის უკვე მიუღებელია ნებისმიერი ტიპის თვალთვალი

facebook.com/Margvelashvili

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, მოსახლეობა გაიზარდა და მისთვის აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ტიპის თვალთვალი. მარგველაშვილმა რუსთავი-2-ის ხელმძღვანელობის მიმართ შესაძლო ფარული თვალთვალი შეაფასა. 

"მინდა გამოვხატო კმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რა გზაც გაიარა ჩვენმა საზოგადოებამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. დეტალები ნამდვილად არ ვიცი, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით აღშფოთება და საზოგადოების მხრიდან მიუღებლობა ერთმნიშვნელოვნად არსებობს. რაც შეეხება იმას, რა კამერები იყო და ვინ ახდენდა გადაღებას, ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ნახეთ დინამიკა – თუ რამდენიმე წლის წინ ასეთი ტიპის ჩანაწერები მიღებული იყო ჭეშმარიტებად, ლეგიტიმურად და საზოგადოება იღებდა მას როგორც მისაღებ ინფორმაციას, დღეს მოსახლეობა თვისობრივადაა გაზრდილი და მისთვის აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ტიპის თვალთვალი, რაც თავისთავად ამაზრზენია", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, მას და გადაცემა პოზიციის წამყვანს ნინო შუბლაძეს ფარულად იწერდნენ. ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის გუნდთან ერთად, საგანგებო განცხადება 6 მაისს გააკეთა. მისი ცნობით, ვიდეომასალა შსს-დან გაუგზავნეს. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ინფორმატორის ვინაობას არ ასახელებს. 

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და დღეს, შუალედური შედეგები გაასაჯაროვა. უწყების განცხადებით, 8 მაისს რუსთავი 2-ის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თეიმურაზ კოვზიაშვილმა გამოძიებას ჩვენება მისცა და მიაწოდა ტელეკომპანიაში არსებული უსაფრთხოების სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

პროკურატურის განცხადებით, ჩანაწერებში ნათლად ჩანს, "რომ 2012 წლის 21 დეკემბერს, ტელეკომპანიაში იმყოფებოდნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც დროის გარკვეულ მონაკვეთში სპეციალური აპარატურის გამოყენებით აწარმოებდნენ ტექნიკურ სამუშაოებს. მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები, მეტალის გასაშლელი კიბის თანხლებით მუშაობდნენ ნიკა გვარამიას და ნინო შუბლაძის სამუშაო ოთახებშიც". უწყების ინფორმაციით, აღნიშნულმა დააეჭვა თეიმურაზ კოვზიაშვილი, რადგან ამის შესახებ მან, როგორც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა არაფერი იცოდა. 

"მისივე ჩვენებით, ამ დღის შემდეგ იგი დაინტერესდა ხსენებული პირების ვიზიტის შედეგებით, რა დროსაც ტელეკომპანიის ერთ-ერთი სამუშაო კაბინეტის ჭერში აღმოაჩინა ფარული აუდიო-ვიდეო მოწყობილობის მონტაჟის კვალი" - აცხადებს პროკურატურა. 

კომენტარები