NATO-საქართველოს ურთიერთობა

ჭიკაიძე: NATO გადაწყვეტს, განათავსებს თუ არა საქართველოში თავდაცვის სისტემებს

ალექსანდრე ჭიკაიძე

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე მიიჩნევს, რომ განთავსდება თუ არა საქართველოში NATO-ს თავდაცვის სისტემები, ეს თავად NATO-ს გადასაწყვეტია. აღნიშნული ჭიკაიძემ თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

"ჩვენს ნებაზე არ არის დამოკიდებული NATO რას განაცხადებს, ეს NATO-ს გადასაწყვეტია. ჩვენს ქვეყანას რამდენად სჭირდება, ეს კიდევ ცალკე საკითხია", - განაცხადა ჭიკაიძემ.

კითხვაზე, რეალურია თუ არა NATO-ს თავდაცვის სისტემების განთავსება საქართველოში, ამასთან დაკავშირებით ჭიკაიძემ აღნიშნა, რომ "ამ საკითხზე პასუხს ვერ გაგცემთ, ჩახედული არ ვარ, არც კომპეტენტური და NATO გადაწყვეტს, ჩვენ ვერ გადავწყვეტთ NATO დააყენებს თუ არა საქართველოში თავდაცვის სისტემებს", - განაცხადა ჭიკაიძემ.

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, დასავლეთმა უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა და თავად შექმნას რეალობა, შესთავაზოს NATO-ს წევრობა ასპირანტ ქვეყნებს და განათავსოს იქ თავდაცვითი საშუალებები, განსაკუთრებით კი საქართველოში. როგორც მან ვაშინგტონში, ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოში უნდა განთავსდეს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობები და რუსეთი მიხვდება, რომ NATO სერიოზულად უდგება საკითხს.

კომენტარები