NATO-საქართველოს ურთიერთობა

კობახიძე: თავდაცვითი საშუალებების განთავსებაზე განცხადებისას ალასანიამ იჩქარა

news.ge

პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის შეფასებით, საქართველოში NATO-ს თავდაცვითი საშუალებების განთავსებაზე ირაკლი ალასანიამ ნაჩქარევი განცხადება გააკეთა და ასეთ დროს სიფრთხილეა საჭირო. "მაესტროს ცხრიანში" ჟურნალისტმა ვახო სანაიამ კობახიძეს ჰკითხა - "არ იყო ქართული ოცნების კოალიციასა და მთავრობაში შეთანხმებული ის, რაც ირაკლი ალასანიამ ასეთი მაღალი ტრიბუნიდან აშშ-ში განაცხადა?", რაზეც მანანა კობახიძემ უპასუხა, რომ "შეიძლება, ცოტა ნაჩქარევი იყო მაღალ ტრიბუნაზე ამის თქმა, რადგან ის, რაც იდეის დონეზე განიხილება, ასე საჯაროდ არ უნდა გაცხადდეს".

მისივე თქმით, შესაძლებელია, აშშ-ში, მოცემულ სიტუაციაში, მსჯელობის და დისკუსიის პროცესში, გაჩნდა ამის თქმის გარკვეული წინაპირობა, "მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ მაინც ცოტა ფრთხილები უნდა ვიყოთ ასეთი განცხადებების გაკეთებაში. დარწმუნებული ვარ, ეს რომ გადაწყდეს, ამას კიდევ სხვა ტიპის მუშაობა სჭირდება და მთავრობა ამას მოახერხებს".

მანანა კობახიძის შეფასებით, "ეს ისეთი საკითხია, რომ, რა თქმა უნდა, თავდაცვის მინისტრი განცხადებას აკეთებს მას შემდეგ, რაც პოლიტიკური თუ სხვა სამართლებრივი გადაწყვეტილება მიღებულია მთავრობის დონეზე. თუ გადაწყვეტილება არ არის მიღებული სამართლებრივად და პოლიტიკურად, იმ ფორმების დაცვით, რა ფორმებიც უნდა იყოს დაცული, ცხადია, არ უნდა ხდებოდეს ასეთი განცხადებების გაკეთება".

პარლამენტის ვიცესპიკერის თქმითვე, "ეს როგორ მოხდა, რა მოხდა, დეტალურად ამაზე თავად ირაკლიმ უნდა ისაუბროს, გნებავთ ალასანიამ, გნებავთ პრემიერმა". 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ აშშ-ში ვიზიტისას განაცხადა, რომ დასავლეთმა უნდა შესთავაზოს NATO-ს წევრობა ასპირანტ ქვეყნებს და განათავსოს იქ თავდაცვითი საშუალებები, განსაკუთრებით კი, საქართველოში. ალასანიას თქმით, საქართველოში უნდა განთავსდეს საჰაერო თავდაცვითი საშუალებები და რუსეთი მიხვდება, რომ ისინი სერიოზულად უდგებიან საკითხს.

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ, ჟურნალისტის კითხვის პასუხად თქვა, რომ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას გზავნილი ნათელი იყო და ალიანსი განიხილავს მის წინადადებას საქართველოში თავდაცვითი საშუალებების განლაგების შესახებ.

ირაკლი ალასანიას გზავნილი შეაფასა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ. მისი თქმით, მინისტრ ალასანიას გზავნილი ვაშინგტონში იყო სწორი, მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მთავრობამ არა მხოლოდ არ აწარმოა კამპანია ამ წელიწადნახევრის განმავლობაში ამ მიმართულებით, არამედ ჰქონდა საზიანო, წინააღმდეგობრივი, ან არათანმიმდევრული გზავნილები.

კომენტარები