კეზერაშვილის და ნინუას საქმე

სასამართლომ ალექსანდრე ნინუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ალექსანდრე ნინუას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა ნინუას და თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას ედავება. მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიების სახედ წინასწარი პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით პროკურორმა მიმართა. ბრალდების მხარის განცხადებით, არსებობდა მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც ნინუა ქვეყნის დატოვებას და მოწმეებზე ზეწოლას ეცდებოდა.

დაცვის მხარე კი, მოსამართლე გიორგი გოგინაშვილის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ოთარ კახიძის განცხადებით, გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. სასამართლო პროცესზე ადვოკატმა ნაციონალური მოძრაობის წერილი წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც ალექსანდრე ნინუა ცაგერის რაიონში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატია.

ოთარ კახიძის თქმითვე, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრობაში იმყოფება იმ დანაშაულისთვის, რომლის პროვოცირებაც თავად მოაწყო. კახიძის განცხადებით, ალექსანდრე ნინუა 2012 წლიდან დაახლოებით 40-ჯერ იმყოფებოდა დაკითხვაზე და ის დროულად დაბარების შემთხვევაში, ყოველთვის ცხადდებოდა.

"მოწმეებზე ზემოქმედების სურვილი რომ ჰქონოდა, ამას მოახერხებდა, თუმცა ამ დაკითხვების პერიოდში არც ერთხელ არ დაფიქსირებულა მსგავსი შემთხვევა და პროკურატურამ ვერ წარმოადგინა მსგავსი მაგალითი", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

რაც შეეხება მიმალვის საფრთხეს, ადვოკატის თქმით, ესეც გამორიცხულია. კახიძე აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საქართველოდან 2013 წლის განმავლობაში ორჯერ გავიდა, თუმცა ორივეჯერ დაბრუნდა.

დავით ნინუასა და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ ახალ ბრალდებაზე, რომელიც თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდში 5 მილიონამდე ევროს გაფლაგვას გულისხმობს, წინასასამართლო სხდომა 26 ივნისს ჩაინიშნა.

დღესვე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ალექსანდრე ნინუას საქმეზე კიდევ ერთი პროცესი უნდა გამართულიყო. საქმე ეხება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტს. პროცესი პროკურორების შეცვლის გამო ხუთჯერ გადაიდო. პროკურორის გამოუცხადებლობის გამო განხილვა არც დღეს შედგა.

ალექსანდრე ნინუა 2013 წლის დეკემბერში დააკავეს. როგორც მოგვიანებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში მან თავად განაცხადა, იარაღი შეგნებულად დააგდო პოლიციის თვალწინ და წინასწარი განზრახვით დააკავებინა პოლიციას თავი. ამის მიზეზი კი, ნინუას თქმით, მასზე განხორციელებული ზეწოლაები გახდა. კერძოდ, ნინუამ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას, პროცესზე განაცხადა, რომ მას არაერთხელ მოსთხოვეს პროკურატურაში მისი მეგობრის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება, ამის შემდეგ კი დაიწყეს მის თანამშრომლებზე ზეწოლა. ნინუამ აღნიშნა, რომ ციხის არ ეშინია და სწორედ აქედან გამომდინარე მოაწყო დაკავების პროვოცირება.

გარდა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა, ნინუას საიდუმლო წარმოების წესების დარღვევასაც ედავებიან. საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს და მასზე, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდა.

ამასთან, ალექსანდრე ნინუამ სამი კვირის წინ ციხიდან წერილი გაავრცელა, რომელშიც აცხადებდა, რომ პროკურატურა მის წინააღმდეგ ახალი საქმის გამოძერწვას ცდილობს.

კომენტარები