კრიზისი უკრაინაში

პუტინი სეპარატისტებს რეფერენდუმის გადადებისკენ მოუწოდებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში მოქმედ სეპარატისტებს მოუწოდა, 11 მაისისთვის დანიშნული დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი გადადონ და ქვეყნის ხელისუფლებასთან დიალოგი დაიწყონ. ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, შვეიცარიის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ხელისუფლებასაც მოუწოდა, სამხედრო ოპერაცია შეწყვიტოს.

”რუსეთი დაჟინებით მოითხოვს კიევის ხელისუფლებისგან, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო და სადამსჯელო ოპერაცია. ყველაზე მთავარი, ჩვენი აზრით, არის პირდაპირი დიალოგის დაწყება კიევის ხელისუფლებასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონების წარმომადგენლებს შორის, რათა ისინი დარწმუნდნენ, რომ მათი კანონიერი უფლებები უკრაინაში გარანტირებული იქნება. ამ მხრივ მინდა, უკრაინაში ფედერალიზაციის მომხრეებს მოვუწოდო, გადადონ 11 მაისისთვის დანიშნული რეფერენდუმი, რათა დიალოგისთვის აუცილებელი პირობები შეიქმნას. მინდა აღვნიშნო, რომ კიევის დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები თავისთავად სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ის არაფერს წყვეტს, თუ ქვეყნის მოქალაქეებს არ ეცოდინებათ, როგორ იქნება გარანტირებული მათი უფლებები”, - თქვა პუტინმა.

უკრაინაში, ქალაქ სლავიანსკში დღეს დილიდან სროლა განახლდა. უკრაინული მედიის ცნობით, პრორუსი ტერორისტები ქალაქიდან გაღწევას ცდილობენ, რის საშუალებასაც მათ უკრაინელი სამხედროები არ აძლევენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დივერსანტებმა ქალაქის ადმინისტრაციული შენობები დანაღმეს.

უკრაინელმა ძალოვნებმა დონეცკის ოლქის ზღვისპირა ქალაქ მარიუპოლზე კი კონტროლი აღადგინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეტაკების შედეგად მოკლულია ერთი ტერორისტი, ე. წ. დონეცკის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი კი დაპატიმრებულია. გათავისუფლებულია ტერორისტების მიერ დაკავებული ქალაქის საბჭოს შენობა, ქალაქში ბარიკადების დემონტაჟი მიმდინარეობს. მარიუპოლის გარშემო სამხედრო ტექნიკაა განლაგებული.

კომენტარები