კრიზისი უკრაინაში

სლავიანსკში ბრძოლების დროს ოთხი ძალოვანი და 20-მდე დივერსანტი დაიღუპა

ქალაქ სლავიანსკში უკრაინელმა ძალოვნებმა დღეს დილიდან ანტიტერორისტული ოპერაცია განაახლეს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოპერაციის შედეგად ოთხი უკრაინელი ძალოვანი დაიღუპა. 20-ზე მეტი დაშავდა. სეპარატისტებისა და რუსი დივერსანტების მხრიდან, რუსული მედიის ცნობით, მსხვერპლი 20-ს აღწევს, თუმცა ეს დაზუსტებულ მონაცემები არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, დივერსანტები ძალოვნებისთვის ჩასაფრებას ცდილობდნენ. ორმხრივი სროლა ტელეცენტრის მიდამოებში დაიწყო, რომელიც უკრაინელ სამხედროებს აქვთ დაკავებული.

მედიაში ასევე ვრცელდება ცნობა, რომ პრორუსი შეიარაღებული პირები ალყაშემორტყმული ქალაქიდან გაღწევას ცდილობდნენ, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა ეს გეგმა ჩაშალეს. დივერსანტთა ერთ-ერთი დაჯგუფება ალყაში მოექცა და რუსი ჟურნალისტების ინფორმაციით, დიდი დანაკარგი განიცადა. სეპარატისტები აცხადებენ, რომ ქალაქის გარეუბნებიდან უკან დაიხიეს და ცენტრში გამაგრდნენ.

ოპერაციაში სამხედრო ავიაციაც მონაწილეობს, თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო ვერტმფრენებმა ტერორისტების მიერ შექმნილი ე. წ. ჯავშანმატარებელი გაანადგურეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერორისტებმა კიდევ ერთი უკრაინული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს, თუმცა, მისი ეკიპაჟი არ დაშავებულა. თავდაცვის სამინიტრო აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ ტერორისტების მიერ ტყვედ აყვანილი მფრინავი დღეს გაათავისუფლა.

უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, ტერორისტების წინააღმდეგ ოპერაციას ის ართულებს, რომ მოწინააღმდეგე ცოცხალ ფარად მშვიდობიან მოსახლეობას იყენებს.

კომენტარები