უკრაინის კრიზისი

რუსეთმა უკრაინის მიერ დაწყებულ სპეცოპერაციას დანაშაული უწოდა

telegraph.co.uk

რუსეთმა უკრაინის მიერ დაწყებულ სპეცოპერაციას დანაშაული უწოდა, ვლადიმირ პუტინის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინამ ავიაციით შეუტია მშვიდობიან დასახლებულ პუნქტებს და სადამსჯელო ოპერაცია დაიწყო, რამაც ჟენევის სამშვიდობო შეთანხმების შესრულების ბოლო იმედი გაანადგურა.

დმიტრი პესკოვის თქმით, კონფლიქტის ზონაში პუტინის სპეციალური წარმომადგენელი ვლადიმირ ლუკინი იმყოფება და მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება. თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ლუკინი დონეცკშია და მას საფრთხე არ ემუქრება. პუტინის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში ოფიციალური კიევის დაუკითხავად ჩავიდა.

უკრაინელმა ძალოვნებმა დღეს დილიდან ქალაქ სლავიანსკში ანტიტერორისტული ოპერაცია განაახლეს. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ძალოვნებმა ქალაქში სეპარატისტების 9 ბლოკსაგუშაგო აიღეს. ექსტრემისტებმა ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების გამოყენებით ორი ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ერთი უკრაინელი მფრინავი დაიღუპა, ერთი კი ტყვედ ჩავარდა. ხელისუფლების განცხადებით, ძალოვნებს პროფესიონალი სამხედროები უპირისპირდებიან, რომლებიც ცოცხალ ფარად მშვიდობიან მოსახლეობას იყენებენ.

სამხედროებმა ქალაქის სრული ბლოკირება მოახდინეს. სამხედრო წყაროების ინფორმაციით, ძალოვნებმა ქალაქის დიდი ნაწილი და ტელეცენტრი დაიკავეს, რუსი დივერსანტები სლავიანსკის დატოვებას ცდილობენ. პარალელურად. სეპარატისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრიბონ და ვიდეომიმართვის საშუალებით დახმარება ვლადიმირ პუტინს სთხოვონ. ხელისუფლება კი მოსახლეობას მოუწოდებს, ქუჩაში არ გავიდეს.

კომენტარები