ანტიდისკრიმინაციული კანონი

ნანუაშვილი: პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი უნდა მიიღოს

news.ge

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, "პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი უნდა მიიღოს". მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნები გათვალისწინებული იყოს.

"ძირითადად ეს ეხება კერძო სექტორსა და ჩვენს უფლებებს კერძო სექტორთან მუშაობასთან მიმართებაში, რომ გაგვაჩნდეს გარკვეული მანდატი, რათა კერძო სექტორში მუშაობის შესაძლებლობა გვქონდეს, როდესაც საუბარია დისკრიმინაციის ფაქტებზე და ინფორმაციის გამოთხოვაზე. ასევე საუბარია სასამართლოს გამოყენებაზე დაჯარიმების პროცესში, ეს არის ორი უმნიშვნელოვანესი საკითხი სხვა საკითხებთან ერთად, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს განხილული. ერთ-ერთი საკითხი ასევე არის, რა თქმა უნდა, დაფინანსების საკითხი, რომლის გარეშეც შეუძლებელია რეალურად რამე მექანიზმის შექმნა, რომ დისკრიმინაციის ფაქტები რეალურად გამოვლინდეს", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

რაც შეეხება სასულიერო პირების მოთხოვნას კანონპროექტიდან ოთხი სიტყვის ამოღებასთან დაკავშირებით, როგორც სახალხო დამცველი მიიჩნევს, ეს სიტყვები კანონპროექტში უნდა დარჩეს.

"მე ვფიქრობ, რომ დისკრიმინაციის ყველა საფუძველი უნდა დარჩეს ისე, როგორც ამჟამად არის კანონპროექტში. კანონპროექტში დისკრიმინაციის ნებისმიერი საფუძვლის ამოღება ნებისმიერ შემთხვევაში კიდევ უფრო უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება, ამიტომ ის ფორმა, რაც არის მიღებული, აუცილებლად უნდა დარჩეს", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

კომენტარები