გიგი უგულავას საქმე

თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე უგულავას პროცესი 14 მაისს განახლდება

თბილისის განვითარების ფონდთან დაკავშირებულ საქმეზე გიგი უგულავას და მასთან ერთად ბრალდებულების პროცესი შესავალი სიტყვების ეტაპით 14 მაისს, 11 საათზე განახლდება.

დღევანდელ პროცესზე საქმის არსებითი განხილვა დაიწყო, რომელზეც მხარეებმა შუამდგომლობები დააყენეს. პროკურორებმა დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის ორი ადვოკატის გიორგი კონდახიშვილისა და ელენე ლაზარიაშვილის აცილება მოითხოვეს. ამის მოტივად პროკურორებმა ის დაასახელეს, რომ აღნიშნული ადვოკატები გამოძიების პერიოდში იცავდნენ როგორც ბრალდებულების, ასევე ბრალდების მხარის მოწმეების ინტერესებს, რაც პროკურორების განმარტებით, ინტერესთა კონფლიქტს იწვევს. ამ მოტივით, პროკურორებმა აღნიშნული ორი ადვოკატის აცილება მოითხოვეს.

დაცვის მხარე პროკურორების არგუმენტს არ დაეთანხმა. აღნიშნულთან დაკავშირებით, პროცესზე განცხადება გააკეთა ბრალდებულმა გიგი უგულავამ. მისი თქმით, ოთხი ბრალდებული რამდენჯერმე იყო დაკავებული, მათ შორის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ოთარ ფარცხალაძისა და ირაკლი შოთაძის მუშაობის პერიოდში. მისი თქმით, რუსთავის სასამართლომ უკანონოდ ცნო აღნიშნული 4 პირის დაკავება. მათი დაკავება კი, როგორც უგულავამ განაცხადა, მოხდა იმისთვის, რომ მიეღოთ აღიარებითი ჩვენება, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

"მთავარი პროკურორის მოადგილეები შოთაძე და გაბიტაშვილი უშუალოდ იყვნენ ჩართული ამ ადამიანების - მერიის 23 წარმომადგენლის უკანონო დაკავებაში. ამ 23 პირში იგულისხმებიან ის ადამიანებიც, რომლებიც დღეს ჩემთან ერთად ბრალდებულები არიან. ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა ეს ამბავი კარგად იცის და სწორედ ამიტომ სურთ მათი აცილება. პროკურორებს კონდახაშვილის აცილება დაავალა უშუალოდ შოთაძემ და ფარცხალაძემ, რომელიც ახლაც პოლიტიკური პროკურატურის მოქმედი მმართველია", - აღნიშნა უგულავამ.

ადვოკატების აცილების შუამდგომლობა მოსამართლე მაია შოშიაშვილმა არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, ბრალდებულ პირებს გიორგი კონდახაშვილი და ელენე ლაზარიაშვილი კვლავ დაიცავენ.

კომენტარები