საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო

GPB-ის ახალი მეურვეების მუშაობას ძველი მეურვეები გააკონტროლებენ

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ის წევრები, რომლებიც თანამდებობაზე საკონსტიტუციოს სასამართლომ აღადგინა, მონიტორინგის საბჭოში დასაქმდებიან. მონიტორინგის საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე, მამუკა ფაჩუაშვილი, ზურაბ დავითაშვილი, დავით კანდელაკი და ნატალია დვალი, პარლამენტის მიერ არჩეული სამეთვალყურეო საბჭოს მუშაობას შეისწავლის. პარლამენტში "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი უკვე შევიდა. საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილება არის გამოსავალი იმისთვის, რომ არჩეულმა საბჭომ მუშაობა და დაგეგმილი რეფორმების გატარება დაიწყოს. 

"ჩვენ, ფაქტობრივად, აღნიშნული კანონპროექტი უნდა მივიღოთ იმისთვის, რომ აღმოვფხვრათ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად წარმოქმნილი ვაკუუმი და კოლიზია. ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად, იმ ადამიანებს, რომლებიც იმუშავებენ მონიტორინგის საბჭოში, ენიჭებათ ძალიან მნიშვნელოვანი უფლებები - მათ შეუძლიათ ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობა, მათ შეუძლიათ პარლამენტის სხდომის ან კომიტეტის სხდომის მოწვევის მოთხოვნა და საკუთარი მოსაზრებების წარდგენა", - ამბობს ჩაფიძე. 

მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანო ინიციატივას დაამტკიცებს, მუშაობას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ის შვიდი წევრი შეუდგება, რომლებიც დეპუტატებმა ეტაპობრივად დაამტკიცეს - მარინე მუსხელიშვილი, ლელა გაფრინდაშვილი, ქეთევან მსხილაძე, ნათელა სახოკია, გიორგი კოხრეიძე, გრიგოლ გოგელია და ალექსანდრე ვახტანგოვი. 

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს იმ წარმომადგენლებს, რომელთაც “მაუწყებლობის შესახებ” კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე უფლებამოსილება უწყდებოდათ, წევრობის უფლებამოსილება შეუნარჩუნა - საკონსტიტუციო სასამართლომ ემზარ გოგუაძის, გიორგი მელაძის, მამუკა ფაჩუაშვილის, ზურაბ დავითაშვილის, დავით კანდელაკის, ნატალია დვალის საკონსტიტუციო სარჩელი დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად ცნო კანონის ის დებულება, რომლის მიხედვით, ახალი საბჭოს არჩევისთანავე მოქმედ წევრებს უფლებამოსილება უწყდებათ.

კომენტარები