რუსეთის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი სანქციების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ფილიპინებში ვიზიტის პარალელურად გახდა ცნობილი. უკვე არსებულ სიას კიდევ შვიდი ადამიანი დაემატა, რომლებსაც სავიზო შეზღუდვები დაუწესდებათ და აქტივები გაეყინებათ. მათ შორისაა, როსნეფტის ხელმძღვანელი, პუტინის უახლოესი გარემოცვის გავლენიანი წევრი იგორ სეჩინი და პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ვიაჩესლავ ვოლოდინი. ასევე სანქციები უწესდება 17 რუსულ კომპანიას.
ბარაკ ობამას განცხადებით, თუ რუსეთი პოლიტიკას არ შეცვლის, სანქციების შემდეგი ეტაპი შესაძლოა საბანკო და თავდაცვის სფეროებს შეეხოს.
რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე დღეს ევროპელი დიპლომატებიც მსჯელობენ. მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ ბრიუსელში ელჩების დონეზე მიმდინარე შეხვედრაზე სანქციების სიაში დამატებით 15 რუს მაღალჩინოსანს შეიყვანენ. ევროკავშირი ასევე აპირებს, სანქციების მესამე დონის შემოღების მოსამზადებელი გეგმა დაამტკიცოს.




