უგულავასა და კეზერაშვილის საქმე

უგულავასა და კეზერაშვილის სასამართლო პროცესი 21 მაისს განახლდება

იმედისა და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეზე, გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესი 21 მაისს განახლდება. 
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა. უგულავას ადვოკატის ბექა ბასილაიას თქმით, დაკითხულმა ნოტარიუსებმა დაადასტურეს, რომ ტელეიმედსა და შპს ახალ რიყესთან დაკავშირებული ხელშეკრულებები მხარეთა მონაწილეობით, ჯოზეფ ქეის მონაწილეობით გაფორმდა. როგორც ადვოკატი აცხადებს, შანტაჟის შესახებ მოწმეებს არაფერი უთქვამთ. 

პროკურორ გიგა ძნელაძის ინფორმაციით, შემდეგი პროცესი 21 მაისს, 12:00 საათზე, კვლავ ბრალდების მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება. მისი თქმით, მოწმეები ტელეიმედთან დაკავშირებით მისცემენ ჩვენებას. 

ცნობისთვის, არჩევნებამდე, რიყისა და ტელეიმედის გასხვისების საქმეზე სასამართლო პროცესი თვეში ერთხელ გაიმართება. როგორც გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმის განხილვის დაწყებამდე ჟურნალისტებს ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ განუცხადა, ამით მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა გიგი უგულავას შუამდგომლობა სასამართლო პროცესების გამართვასთან დაკავშირებით. 

წინა პროცესებზე, გიგი უგულავამ მოსამართლეს თხოვნით რამდენჯერმე მიმართა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში სასამართლო პროცესები არ გამართულიყო.

კომენტარები