კათოლიკე ეკლესია

კათოლიკე ეკლესია საქართველოში მედიას მოუწოდებს, პაპზე სიცრუე არ გაავრცელოს

ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო
ტაბულა

ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს და თხოვნით მიმართავს მედიის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ პაპი ფრანცისკეს ან რომელიმე კათოლიკე იერარქის განცხადებების გაყალბებისგან ან მათი გამოგონებისგან. ამის შესახებ ქართველ კათოლიკეთა ეპისკოპოსი, ჯუზეპე პაზოტო facebook-ის პირად გვერდზე წერს. 

”თავშივე აღვნიშნავთ, რომ კათოლიკე ეკლესია პატივს სცემს მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტური სტანდარტების ერთგულებას. პრესა თავისუფალი უნდა იყოს მიკერძოებისა და რელიგიური ჯგუფების გავლენისგან, ის საზოგადოებას მისი ხვედრის გაუმჯობესებაში უნდა დაეხმაროს, ფაქტებზე დაფუძნებული მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდებით.

იმის მიუხედავად, რომ მიზნად არ გვაქვს ჩავერიოთ რომელიმე მედიის მუშაობასა და დამოუკიდებლობაში, საჭიროდ მიგვაჩნია, თხოვნით მივმართოთ პრესის წარმომადგენლებს, მოერიდონ პაპი ფრანცისკეს ან რომელიმე კათოლიკე იერარქის განცხადებების გამოგონებას ან ცრუ წყაროებიდან თარგმანს (ამგვარი დამოკიდებულება უნდა არსებობდეს ნებისმიერი რელიგიისადმი). ასეთი საქციელით მედია სიმართლეს ვერ გაუწევს ჯეროვან სამსახურს.

კათოლიკე ეკლესია აცნობიერებს პაპი ფრანცისკეს მიმართ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს, რაც მისი გამორჩეული მწყემსობის სტილიდან გამომდინარეობს. პრესა უზენაესი პონტიფექსის მიმართ დიდ ინტერესს გამოხატავს. თუმცა უცხოეთშიც და საქართველოშიც მოიძებნებიან ჟურნალისტები, რომლებიც მზად არიან საზოგადოებას ყოველგვარი გადამოწმების გარეშე შეასაღონ იმგვარი ინფორმაცია, რომელიც არც პაპსა და არც ვატიკანის პრესსამსახურს არ უთქვამს. ნამდვილად, პაპი ფრანცისკე საუბრობს თავისუფლად და ხშირად მისი ნათქვამის წინასწარ განჭვრეტაც შეუძლებელია, ამას ყველა ჩვენგანი დადებითად ვაფასებთ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ათქმევინო პაპს ნებისმიერი რამ, და ხალხიც დააჯერო ამაში.

ჩვენ ვთხოვთ მედიის წარმომადგენლებსა და კეთილი ნების ყოველ ადამიანს, გადაამოწმონ ინფორმაცია რესპექტაბელურ წყაროებში, ან დაუკავშირდნენ კათოლიკე ქართველთა ადმინისტრაციას.
ვიმედოვნებთ, მომავალში დეზინფორმაციის გავრცელებასა და კათოლიკეთა მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებას ადგილი აღარ ექნება”, - ნათქვამია ეკლესიის განცხადებაში.

კომენტარები