კრიზისი უკრაინაში

ჟენევაში მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე დეესკალაციის გეგმაზე შეთანხმდნენ

ჟენევაში მრავალმხრივი მოლაპარაკებების მონაწილეები უკრაინის კრიზისის დეესკალაციის ოთხპუნქტიან გეგმაზე შეთანხმდნენ. ამერიკის, ევროკავშირის, რუსეთისა და უკრაინის ერთობლივი განცხადების თანახმად, უკრაინაში უნდა მოხდეს ყველა უკანონო შეიარაღებული ფორმირების განიარაღება და დაკავებული შენობების გათავისუფლება. არეულობის მონაწილეებისთვის ამნისტია უნდა გამოცხადდეს, ქვეყანაში სიტუაციას ეუთო-ს მისია დააკვირდება. უკრაინის ხელისუფლება კი ვალდებულებას იღებს საკონსტიტუციო რეფორმისა და ეროვნული დიალოგის დაწყების თაობაზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ უკანონო შეიარაღებული ფორმირებების განიარაღებისთვის ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

”მივიღეთ დოკუმენტი, რომელშიც სიტუაციის დეესკალაციის სასწრაფო, საწყისი ნაბიჯებია განსაზღვრული. შევთანხმდით, რომ ყველა მხარემ უარი უნდა თქვას ძალადობაზე, დაშინებაზე ან პროვოკაციულ ქმედებებზე. ჩვენ კატეგორიულად დავგმეთ ექსტრემიზმის, რასიზმის, რელიგიური შეუწყნარებლობისა და ანტისემიტიზმის გამოვლინებები. უნდა გადაიდგას ნაბიჯები ყველა უკანონო შეიარაღებული ფორმირებების განიარაღებისთვის, დაკავებული შენობებისა და მოედნების გათავისუფლებისთვის უკრაინის ყველა ქალაქში. პრეზიდენტმა პუტინმა ადრეც თქვა და დღესაც გაიმეორა, რომ უკრაინაში არანაირი რუსი აგენტები და დივერსანტები არ არიან”, - თქვა ლავროვმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი დეშჩიცა კი მიიჩნევს, რომ შეთანხმება იქნება რუსეთისთვის ტესტი, თუ რამდენად სურს სტაბილურობა.

”ჩვენ მივიღეთ შეთანხმება, რომლის თანახმად რუსეთმა აიღო ვალდებულება მხარი დაუჭიროს ეუთოს მისიას და დაუყოვნებლივ დაიწყოს ვითარების დეესკალაცია აღმოსავლეთ უკრაინაში. ეს ზომებია უკანონოდ დაკავებული შენობებისა და გზების გათავისუფლება. მნიშვნელოვანია, ამის განხორციელება დაუყოვნებლივ დაიწყოს. ეს იქნება ტესტი რუსეთისთვის, თუ რამდენად სურს მას სტაბილურობა ამ რეგიონებში. პროტესტი მაიდანზე იყო მშვიდობიანი, აღმოსავლეთში კი ადმინისტრაციული შენობები შეარაღებულმა, სამხედრო ფორმიანმა პირებმა დაიკავეს”, - აღნიშნა დეშჩიცამ.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ თუ რუსეთი მიღწეულ შეთანხმებას უახლოეს დღეებში არ შეასრულებს, ვაშინგტონი მას დამატებით სანქციებს დაუწესებს.

”ჩვენ ველით რუსეთისგან, რომ რუსეთი სერიოზულობის დემონსტრირებას მოახდენს და ხელს შეუწყობს იმას, რომ პრორუსმა სეპარატისტებმა, რომელსაც ის მხარს უჭერს, დაყარონ იარაღი, დატოვონ შენობები და საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის კონსტიტუციური გზით იბრძოლონ. რაიმე ინციდენტი აღარ უნდა განმეორდეს. და თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, ამას პასუხი მოჰყვება. მინისტრ ლავროვს დღეს მკაფიოდ გავაგებინე, რომ, თუ ვერ დავინახავთ პროგრესს ამ შეთანხმების შესრულებაში ამ შაბათ-კვირის განმავლობაში, სხვა არჩევანი, რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების გარდა, არ დაგვრჩება. ჩვენ ყირიმის საკითხში უკან არ დაგვიხევია. მაგრამ დღეს ყირიმზე სასაუბროდ არ შევკრებილვართ, დღეს გვსურდა ხელი შეგვეწყო ძალადობის შემცირებისთვის და დაპირისპირების დეესკალაციისთვის”, - აღნიშნა კერიმ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კი პირდაპირ განაცხადა, რომ არ აქვს იმედი, რუსეთი მიღწეულ შეთანხმებას შეასრულებს.

”ამ მომენტში დარწმუნებული ვერაფერში ვიქნებით. ვფიქრობ, არსებობს შესაძლებლობა, დიპლომატიამ სიტუაციის დეესკალაციას შეუწყოს ხელი და შევძლებთ ვიმოძრაოთ იმ მიზნისკენ, რომ უკრაინელებმა თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. საკითხი ისე დგას, გამოიყენებს თუ არა რუსეთი თავის გავლენას, რათა უკრაინაში აღდგეს წესრიგი, ჩატარდეს არჩევნები, დაიწყოს რეფორმა ქვეყნის დეცენტრალიზაციისთვის და ეკონომიკის სტაბილიზაცია. ჩვენ შევიმუშავეთ დამატებითი შედეგები რუსეთისთვის, რომლებიც შეგვიძლია ავამოქმედოთ, თუ ადგილებზე სიტუაციის რეალურად გაუმჯობესებას ვერ დავინახავთ და ამ ზომების კოორდინირებას ვახდენთ ევროპელ პარტნიორებთან. გვსურს, უახლოეს რამდენიმე დღეში ვიხილოთ რეალური მუშაობა. თუმცა, წინა შედეგებიდან გამომდინარე, არ მგონია, რომ ამის იმედი შეიძლებს გვქონდეს”, - აღნიშნა ობამამ.

უკრაინაში, დონეცკის ოლქში პრორუს აქტივისტებს და შეიარაღებულ დივერსანტებს კვლავაც დაკავებული აქვთ ადმინისტრაციული შენობები. აქტივისტები კვლავაც გამაგრებული არიან ქალაქ მარიუპოლის მერიაში, სადაც ორი დღის წინ სამხედრო ნაწილზე თავდასხმის დროს სამი პრორუსი მეამბოხე დაიღუპა.

დონეცკში კი გუშინ რამდენიმე ათასი ადამიანი უკრაინის ერთიანობის მხარდასაჭერად შეიკრიბა.

კომენტარები