იდენტობის განცხადება

იდენტობა: 17 მაისს პრორუსული ჯგუფები მდგომარეობის გამწვავებას გეგმავენ

17 მაისს იდენტობა საჯარო ან დახურული ღონისძიების ჩატარებას არ აპირებს, მიუხედავად ამისა, რუსეთთან საეჭვო კავშირების მქონე ჯგუფები მდგომარეობას ხელოვნურად გამწვავებას მაინც გეგმავენ, - ამის შესახებ იდენტობის განცხადებაშია ნათქვამი.  

ორგანიზაცია მცდარი ინფრორმაციის გავრცელებასაც აპროტესტებს.

„მართლმადიდებლური ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენელი და სხვადასხვა მედიასაშუალება ჯიუტად ავრცელებს მცდარ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს 17 მაისს კინოთეატრებში გეიფილმის ჩვენება გაიმართება. ამასთან, ევროპიდან ათასობით ჰომოსექსუალის ჩამოყვანის შესახებ აბსურდული ჭორები ვრცელდება“, - აღნიშნულია იდენტობის განცხადებაში.

იმისთვის, რომ პროვოკაციის ყველა საბაბი გამოირიცხოს, 17 მაისის კვირას იდენტობის ოფისი აღარ იმუშავებს. ორგანიზაციის განცხადების თანახმად, პრორუსული დაჯგუფებები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ჩაშლას ცდილობენ.

იდენტობას მიაჩნია, რომ რუსეთთან საეჭვო კავშირების მქონე ჯგუფებს 17 მაისს საქართველოში იმ მოვლენების განვითარება სურთ, რომელიც წლების წინ უკრაინაში იყო. განცხადების თანახმად, უკრაინაში NATO-ს წინააღმდეგ გამართულმა საპროტესტო გამოსვლებმა ქვეყნის პრორუსულ ხელისუფლებას NATO-სა და ევროკავშირთან დაახლოებაზე უარის თქმის საბაბი მისცა.

„უკრაინის მაგალითი ცხადყოფს, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ პრორუსულმა ძალებმა ჰომოფობიური მოტივებით ევროპის მიმართ სიძულვილის გაღვივება სცადეს, მაგრამ ვერ მოახერხეს. ამიტომ, ამ ქვეყანაში რუსეთის მთავრობამ პირდაპირი სამხედრო ინტერვენცია დაიწყო“, - ნათქვამია იდენტობის განცხადებაში.  

განცხადების ავტორთა აზრით, როგორც ჩანს, რუსეთი საქართველოში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ჩაშლას სწორედ, ჰომოფობიური საბაბით აპირებს. 

კომენტარები