არასაპარლამენტო ოპოზიციის განცხადება

არასაპარლამენტო ოპოზიცია უფასო პოლიტიკური რეკლამის საკითხს ასაჩივრებს

საარჩევნო ბლოკ არასაპარლამენტო ოპოზიციას უფასო პოლიტიკური რეკლამების საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს. ბლოკში გაერთიანებული ახალი მემარჯვენეებისა და თავისუფალი საქართველოს სარჩელს ლეიბორისტული პარტია უერთდება.

პარტიები უფასო პოლიტიკური რეკლამისთვის გამოყოფილი საეთერო დროის ყველა კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტზე თანაბარ გადანაწილებას ითხოვენ.

“საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საერთო მაუწყებლებზე უფასო პოლიტიკური რეკლამისთვის დრო მხოლოდ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების ნაწილს ეკუთვნით. აღნიშნული ნორმა საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რომლითაც ყველა პირის თანასწორობა გარანტირებულია. ასეთი დისკრიმინაციული კანონმდებლობის პირობებში, შექმნილია ვითარება, როდესაც უფასო პოლიტიკური რეკლამით მხოლოდ 3 სუბიექტი - ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა ისარგებლებს“, - ნათქვამია არასაპარლამენტო ოპოზიციის განცხადებაში.

პარტიები მიიჩნევენ, რომ საარჩევნო კოდექსის ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოსაყვანად აუცილებელია მისი ფორმულირება ისე, რომ მაუწყებლებს ადეკვატური, წინასწარი ანაზღაურება მიეცეთ და ასევე, გამოყოფილი დრო თანაბრად ყველა კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტზე გადანაწილდეს.  

პარტიების სარჩელი მედიას ახალი მემარჯვენეების წევრმა მანანა ნაჭყებიამ გააცნო.

ცესკო-ს მონაცემებით, დღეისთვის კვალიფიციური სუბიექტის სტატუსით 14 პარტია სარგებლობს:

 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”

საქართველოს კონსერვატიული პარტია

„მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”

„საქართველოს რესპუბლიკური პარტია”

„ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები”

 „ეროვნული ფორუმი”

 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ახალი მემარჯვენეები

საქართველოს გზა

ხალხის პარტია

 მოძრაობა ”სამართლიანი საქართველოსთვის”

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა

ევროპელი დემოკრატები

ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია

კომენტარები