გიგი უგულავას საქმე

უგულავას ადვოკატებმა სასამართლო პროცესის არჩევნების შემდეგ ჩანიშვნა მოითხოვეს

Gigi Ugulava
Tabula

გიგი უგულავას ადვოკატებმა სასამართლო პროცესების არჩევნების დასრულების შემდეგ ჩანიშვნის შუამდგომლობა დააყენეს. მათი თქმით, ეს აუცილებელია, რათა ნაციონალურ მოძრაობას საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელი არ შეეშალოს. ამის პასუხად კი მოსამართლემ განმარტა, რომ მომდევნო პროცესები 24 და 28 აპრილს უკვე ჩანიშნულია და სხდომების გადადებას მხოლოდ 28 აპრილის შემდეგ შეძლებს.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ "თუ სასამართლო პროცესები დაწყებულია და საქმე მძიმე დანაშაულს ეხება, მორატორიუმი მასზე, რა თქმა უნდა, არ გავრცელდება. მორატორიუმი მძიმე დანაშაულს არ შეეხება".

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიგი უგულავას შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილს საკუთარი განცხადების კორექტირება მოუხდა, "რადგან პროკურატურამ - ოთარ ფარცხალაძემ უხერხულობა შეუქმნა". როგორც უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში რიყის ტერიტორიისა და იმედის გასხვისების საქმეზე პროცესის დასრულების შემდეგ თქვა, მისთვის ცხადი იყო, რომ ღარიბაშვილის ინიციატივა წინასაარჩევნო მორატორიუმზე, იმთავითვე უცხოელებისთვის იყო გათვლილი.

გამოძიება გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილს ტელეკომპანია იმედისა და რიყის ტერიტორიის უკანონოდ გასხვისებას ედავება. დღევანდელ პროცესზე, ის ორი რევიზორი დაიკითხა, რომლებმაც საქმეზე დასკვნა მოამზადეს. პროცესის დასრულების შემდეგ, ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ მოწმეებმა მათი მტკიცებულებები დაადასტურეს, ადვოკატების თქმით კი, რევიზორებმა სწორედ დაცვის მხარის არგუმენტები გაამყარეს.

გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესი 24 აპრილს განახლდება.

კომენტარები