არეულობა უკრაინაში

კრამატორსკში შესულ უკრაინელ სამხედროებს ადგილობრივი მოსახლეობა უპირისპირდება

ანტიტერორისტული ოპერაცია უკრაინის აღმოსავლეთში გრძელდება. დღეს დილით უკრაინელი მედესანტეები ქალაქ კრამატორსკში შევიდნენ, სადაც პრორუსი შეიარაღებული აქტივისტები იყვნენ გამაგრებული. ჯავშანტექნიკის კოლონას გზა ადგილობრივი მოსახლეობის ჯგუფმა გადაუღობა. ტექნიკის რამდენიმე ერთეული პრორუსმა აქტივისტებმა ხელში ჩაიგდეს და მათზე რუსეთის დროშები აღმართეს. ხელში ჩაგდებული ტექნიკა სეპარატისტებმა საკუთარ პოზიციებზე გადაიყვანეს. 

უკრაინის შეიარაღებული ძალები დილიდან რეგიონში სეპარატისტების პოზიციების ბლოკირებას განაგრძობენ. უკრაინული მედიასაშუალებების ცნობით, სეპარატისტებმა სლავიანსკის მახლობლად ორი სამხედრო მოსამსახურე მძევლად აიყვანეს. ანტიტერორისტული ოპერაციის მეთაურის განცხადებით, ქვეყანაში არალეგალურად შემოსული რუსი სამხედროების რაოდენობა კიდევ 300-ით გაიზარდა და უკრაინულ ძალებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე დივერსანტები უპირისპირდებიან. უკრაინელი სამხედრო ექსპერტების მონაცემებით, რუსმა დივერსანტებმა ქალაქ სლავიანსკიდან უკან დახევის ბრძანება მიიღეს. უკრაინელი ძალოვნები მათ ბლოკირებას ცდილობენ. ცალკეული ექსტრემისტების ნეიტრალიზაციისთვის წერტილოვანი ოპერაციები ხორციელდება.

გუშინ კრამატორსკში, სამხედრო საავიაციო ბაზასთან უკრაინულ ჯარსა და სეპარატისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. ცნობები დაღუპულთა შესახებ არ დადასტურდა. უკრაინელმა სამხედროებმა აეროდრომზე დესანტი გადმოსხეს, რის შემდეგაც ბაზას სეპარატისტთა შეიარაღებული ჯგუფი მიუახლოვდა, რომელსაც სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს. რამდენიმე ადამიანი დაშავდა. სეპარატისტებმა უკან დაიხიეს. ბაზის ბლოკირება ადგილობრივმა პრორუსმა აქტივისტებმა სცადეს. მათთან მოსალაპარაკებლად ანტიტერორისტული ოპერაციის მეთაური გავიდა.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, უკრაინაში კონფლიქტის ესკალაცია ქვეყანას სამოქალაქო ომის საფრთხის წინაშე აყენებს, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. მერკელის პრესსამსახურის ცნობით, კანცლერი და რუსეთის პრეზიდენტის აზრები უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ გაიყო. პუტინი მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან რაიმე კავშირს უარყოფს.

კომენტარები