გარიგებული მატჩები

სადისციპლინო კომიტეტმა გარიგებული მატჩებისთვის 5 ქართული კლუბი დასაჯა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
msy.gov.ge

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა, 2010/11 და 2012/13 წლების სეზონების მატჩების შესახებ, სფფ-ის სპორტული სამართლიანობის ჯგუფის შუამდგომლობა განიხილა, რომლებზეც უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემიდან პატაკები იქნა მიღებული.

სფფ-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, სპორტული სამართლიანობის ჯგუფმა, სადისციპლინო კოდექსის 126-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვა პრევენციული ხასიათის სადისციპლინო სანქციის გატარება იმ კლუბებზე, რომელთა შესახებ უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემიდან მიღებულ იქნა პატაკები, რომ ადგილი ჰქონდა ამ მატჩების შედეგების თუ მათი მიმდინარეობის მანიპულირებას ტოტალიზატორებში მოგების მიღების მიზნით.

ფედერაციის ცნობით, ეს მატჩები საეჭვო თამაშების შემსწავლელ კომისიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა.

სხდომაზე, სფფ-ის მოქმედი სადისციპლინო კოდექსის 126-ე მუხლის თანახმად, სადისციპლინო კომიტეტმა პრევენციული ხასიათის სანქციები შემდეგი კლუბების მიმართ დააწესა:

„მეტალურგი“ (რუსთავი) – 20 ათასი ლარი

„კოლხეთი 1913“ (ფოთი) – 20 ათასი ლარი

„დილა“ (გორი) – 23 ათასი ლარი

„მერანი“ (მარტვილი) – 23 ათასი ლარი

„სიონი“ (ბოლნისი) – 25 ათასი ლარი

"განმარტების სახით გეტყვით, რომ კლუბებს ფულადი სანქციები დაუწესდათ უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემიდან მიღებული პატაკების რაოდენობის მიხედვით. შესაბამისად, მეტი ჯარიმა აქვს იმ გუნდს, რომელიც უეფას პატაკში ყველაზე მეტჯერ მოხვდა - „მეტალურგი“ და „კოლხეთი“ სამ-სამჯერ, „დილა“ და „მერანი“ ოთხჯერ, ხოლო ბოლნისის „სიონი“ - ხუთჯერ.  

უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემიდან მიღებული პატაკები კონფიდენციალურია და კონკრეტული, საეჭვო მატჩების გასაჯაროება არ ხდება.

სფფ-ის სპორტული სამართლიანობის ჯგუფის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, არსებობს ინფორმაცია საეჭვო მატჩებისა და მასში მონაწილე სხვა კლუბების შესახებ, რომელზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ახლო მომავალში, ამ მატჩების მონაწილე კლუბების წინააღმდეგ აღიძვრება სადისციპლინო პროცედურები სფფ-ის შესაბამის სადისციპლინო ორგანოებში", - ნათქვამია სფფ-ის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები