არეულობა უკრაინაში

მარგველაშვილი: ჩვენ ვდარდობთ იმის თაობაზე, რაც ხდება უკრაინაში

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებს და იმედოვნებს, რომ უკრაინაში არსებული დაძაბულობა მსხვერპლის გარეშე განიმუხტება.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ხელისუფლებას და ვდარდობთ იმის თაობაზე, რაც იქ ხდება. სასურველია, დაძაბულობა განიტვირთოს ადამიანური მსხვერპლის გარეშე, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, რომელსაც არა მარტო საქართველო, არამედ მთელი ცივილიზებული კაცობრიობა მხარს უჭერს, შენარჩუნდეს. მოვუწოდებ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, დასავლელ პარტნიორებს, გვერდით დაუდგნენ უკრაინის მთავრობას, რათა მთავარი, რაც მოსახდენია - საპრეზიდენტო არჩევნები შედგეს ეფექტურად და ის იყოს ლეგიტიმური. ამ ფონზე ყველა საკითხი უნდა გადაწყდეს მოლაპარაკებების გზით”, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის დონეცკის ოლქში პრორუსმა სეპარატისტებმა კიდევ ერთ ქალაქში, გორლოვკაში, პოლიციის განყოფილება შტურმით აიღეს. გორლოვკა უკვე მეცხრე დასახლებული პუნქტია, სადაც სეპარატისტები სახელმწიფო შენობებს აკონტროლებენ. მათ კვლავაც დაკავებული აქვთ დონეცკის საოლქო ადმინისტრაციის შენობა. პრორუსი აქტივისტების გამოსვლები განახლდა ხარკოვშიც. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა კი განაცხადა, რომ ძალოვნებმა რუსული სპეცსამსახურების რამდენიმე წარმომადგენელი დაკავეს.

ამასთან, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა გუშინ ქალაქ სლავიანსკში უკრაინის უშიშროების სპეცრაზმსა და პრორუს ამბოხებულთა შორის შეტაკების შედეგად. დაღუპულთა შორის ერთი უშიშროების ოფიცერი და ერთი მეამბოხეა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რამდენიმე სპეცრაზმელი დაშავდა.

კომენტარები