არეულობა უკრაინაში

ლავროვი: ჩვენ არ ვერევით უკრაინის შიდა საქმეებში

ლავროვი
novinite.com

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უკრაინის საქმეებში რუსეთის ჩარევას უარყოფს.

"როდესაც ძალადობა მაიდანზე ათეულობით ადამიანის დაღუპვით დასრულდა, ამას დემოკრატიას ეძახიან, მშვიდობიან პროტესტს აღმოსავლეთ უკრაინაში კი, ტერორიზმს უწოდებენ. არმიის გამოყენება ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაციისთვის თვალთმაქცობაა. ჩვენ არ ვერევით უკრაინის შიდა საქმეებში და ჩვენი სპეცსამსახურების აგენტები იქ არ არიან. ამ დროს გვაინტერესებს, ამერიკის სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი კიევში რას საქმიანობდა", - აცხადებს ფრანს პრესის ცნობით, სერგეი ლავროვი.

ცნობისთვის, უკრაინის დონეცკის ოლქში პრორუსმა სეპარატისტებმა კიდევ ერთ ქალაქში, გორლოვკაში, პოლიციის განყოფილება შტურმით აიღეს. გორლოვკა უკვე მეცხრე დასახლებული პუნქტია, სადაც სეპარატისტები სახელმწიფო შენობებს აკონტროლებენ. მათ კვლავაც დაკავებული აქვთ დონეცკის საოლქო ადმინისტრაციის შენობა. პრორუსი აქტივისტების გამოსვლები განახლდა ხარკოვშიც. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა კი განაცხადა, რომ ძალოვნებმა რუსული სპეცსამსახურების რამდენიმე წარმომადგენელი დაკავეს.

ამასთან, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა გუშინ ქალაქ სლავიანსკში უკრაინის უშიშროების სპეცრაზმსა და პრორუს ამბოხებულთა შორის შეტაკების შედეგად. დაღუპულთა შორის ერთი უშიშროების ოფიცერი და ერთი მეამბოხეა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რამდენიმე სპეცრაზმელი დაშავდა.

კომენტარები